უკრაინის მხარდაჭერის საკითხში ევროკავშირი დონალდ ტრამპის ქმედებებზე არ არის დამოკიდებული. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა იტალიის ქალაქ ფიუჯიში “დიდი შვიდეულის” ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყვებამდე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
“უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რათა მივაწოდოთ უკრაინას მხარდაჭერა, რომელსაც ის საჭიროებს. ჩვენ, როგორც ევროპელები, იმისგან დამოუკიდებლად ვმოქმედებთ თუ რისი გაკეთება სურს ბატონ ტრამპს. ჩვენი ვალდებულებები გვაქვს. ჩვენი შესაძლებლობები გაგვაჩნია. როდესაც ვაცხადებთ, რომ სტრატეგიული ავტონომია გვაქვს, ყველა მცირე, რისი თქმა და გაკეთება შეგვიძლია, არის უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება. ბატონი ტრამპის ბრძანებებს არ ველით”, - განაცხადა ბორელმა.
ამავდროულად, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ “ძალიან მნიშვნელოვანია” რას გააკეთებს შეერთებული შტატები.
“მაგრამ ჩვენს მხრივ უნდა გავაგრძელოთ ყველა ჩვენი შესაძლებლობების გამოყენება უკრაინის დასაცავად. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრია აქ, რათა ვითარება აგვიხსნას. უკრაინის მხარდაჭერაზე ჩართულობას განვაახლებთ. ეს არის ევროკავშირის პოზიცია - როგორც მინიმუმ, [გასული] პარასკევის მდგომარეობით. იმედი მაქვს, რომ ის იგივე იქნება [შემდეგ] ორშაბათს,” - განაცხადა ბორელმა.
ცნობისთვის,ჯოზეფ ბორელისთვის ეს ბოლო სხდომაა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის რანგში. 1-ლი დეკემბრიდან ახალი ევროკომისიის შემადგენლობაში მის თანამდებობას ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი დაიკავებს.