აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ („იუსაიდი“), აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის აუდიტის დირექტივის შესაბამისად, ყველა პროგრამისა და პროექტის დაფინანსება, გამონაკლისის გარეშე, 90 დღით შეაჩერა.

ამის შესახებ უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელს (Suspilne) „იუსაიდის“ პრეს-სამსახურში განუცხადეს.

პროექტის შეჩერების შესახებ შეტყობინება უკვე მიიღო საერთაშორისო კომპანია „Chemonics International“-მა, რომელიც „იუსაიდის“ ყველაზე დიდი დაფინანსების მიმღებია და უკრაინაში სოფლის მეურნეობის სექტორის, სამართლებრივი სისტემისა და განათლების მხარდამჭერ პროგრამებს ახორციელებს. პროგრამების შეჩერების ფაქტი უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელს კომპანიის კიევის ოფისის ერთ-ერთმა თანამშრომელმა დაუდასტურა.

„იუსაიდის“ ან აშშ-ს სხვა დაფინანსებაზე დამოკიდებულ უკრაინულ ორგანიზაციებს და ადგილობრივ ხელისუფლებას დაფინანსების და საქმიანობის შეჩერების შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდეს.

„მიკოლაევის საქალაქო საბჭოში „იუსაიდიდან“ დარეკეს და ქალაქში მიმდინარე მათი პროექტების შეჩერების შესახებ გვაცნობეს“, - განუცხადა Suspilne-ს მიკოლაევის მერის პირველმა მოადგილემ, ლუკოვმა. მისი თქმით, საუბარია მიკოლაევის საკრებულოსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ათეულობით პროექტზე, რომლებიც ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, უსაფრთხოებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება.

ორგანიზაცია „Veteran Hud“-ის თანადამფუძნებელმა, ივონა კოსტინამ „ფეისბუკზე“ დაწერა, რომ მისი ორგანიზაცია იძულებული გახდა, ქალაქ ვინიცაში ვეტერანთა მხარდაჭერის პროგრამა დაეხურა. მან ბიზნესს პროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„იუსაიდი“ 100-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, უკრაინაში, მხარს უჭერს ისეთ პროექტებს, როგორებიცაა სკოლების შეკეთება, ჯანდაცვის სერვისების მიწოდება და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ენერგეტიკული სისტემების რეაბილიტაცია. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე, „იუსაიდმა“ 2,6 მილიარდი დოლარი გამოყო ჰუმანიტარული დახმარებისთვის, 5 მილიარდი დოლარი - განვითარებაში თანადგომისთვის და 30 მილიარდი დოლარი - პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერისთვის.

25 იანვარს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დირექტივა უკრაინის სამხედრო დახმარებაზე არ ვრცელდება.

იმავდროულად, როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს დიპლომატებმა სახელმწიფო მდივანს, მარკ რუბიოს მიმართეს თხოვნით, უკრაინა მთლიანად გამორიცხოს დირექტივიდან, რომელიც პარასკევს შევიდა ძალაში.

Suspilne-მ, ამ საკითხზე კომენტარისთვის, უკრაინაში აშშ-ის საელჩოს და სახელმწიფო დეპარტამენტს უკვე მიმართა.

წყარო: 1tv.ge