ქართული ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია „ქართული აგროპროდუქტი“, რომელსაც ეკუთვნის ბრენდი "კეთილი და პატიოსანი", აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ნედლეულის ღირებულების საგრძნობი ზრდის მიუხედავად, კომპანია ჯერჯერობით ფასების სტაბილურად შენარჩუნებას ახერხებს. როგორც BM.GE-სთან კომპანიის მმართველმა პარტნიორმა სოსო მანჯავიძემ განაცხადა, ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის ფასების ზრდას არ განიხილავს.

„ჯერჯერობით, სტაბილურად ერთი ფასი გვაქვს. ვაკვირდებით ბაზარს, რადგან პროდუქციის თვითღირებულება იზრდება. მაგალითად, როცა საქმიანობა დავიწყეთ კახეთის რეგიონში, მეორადი გადასამუშავებელი ატამი 30-50 თეთრი ღირდა, ახლა კი ფასი უკვე დაახლოებით 80 თეთრამდეა ასული“, - აღნიშნა მანჯავიძემ.

კომპანიის მმართველი პარტნიორის თქმით, მათ გაყიდვებში 70% საერთაშორისო გაყიდვებს უკავია, თუმცა კომპანია აქტიურად მუშაობს ადგილობრივ ბაზარზე ქსელის გაფართოებას. ამ ეტაპზე, მათი პროდუქცია წარმოდგენილია „ნიკორას“, „გუდვილის“ და „ფრესკოს“ სუპერმარკეტებში, ხოლო მოლაპარაკებები მიმდინარეობს „სპარისა“ და „დეილის“ ერთიან ქსელთან დაკავშირებით.

„როგორც კი “სპარის” და “დეილის” შერწყმის პროცესი დასრულდება, დიდი ალბათობით, იქაც შევალთ. ასევე, ვგეგმავთ “აგროჰაბში” დაბრუნებასაც“, - ამბობს მანჯავიძე.

გარდა ადგილობრივი ბაზრის გაფართოებისა, კომპანია აქტიურად მუშაობს საერთაშორისო მიმართულებაზე. მისი თქმით, ბრენდი „კეთილი და პატიოსანი“ განსაკუთრებით საინტერესოა აზიური ქვეყნებისათვის თავისი ტკბილი და პიურეზე დაფუძნებული შემადგენლობის გამო.

bm.ge