ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ლაიფციგ-ჰალეს აეროპორტში სატვირთო თვითმფრინავებზე თავდასხმის მცდელობას გამოეხმაურა, რომლის უკანაც, გერმანიის მთავრობის განცხადებით, რუსეთი იდგა. ფონ დერ ლაიენმა მომხდარს ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან ესკალაციის ახალი ეტაპი უწოდა და განაცხადა, რომ EU რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებს.

"ეს იყო თავდასხმა, რომელიც სამხედრო დანიშნულების მასალის გამოყენებით ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსეთის აგენტებმა განახორციელეს." – თქვა ფონ დერ ლაიენმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ლაიფციგ-ჰალეს აეროპორტში სატვირთო თვითმფრინავებზე თავდასხმის მცდელობა "წარმატებული რომ ყოფილიყო, ამას შესაძლოა, უზარმაზარი ზიანი და ამიანების დაღუპვაც გამოეწვია."

ამასთან, ფონ დერ ლაიენმა მომხდარს ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან ესკალაციის ახალი ეტაპი უწოდა და აღნიშნა, რომ თავდასხმა სულ უფრო სახიფათო ინციდენტების ფართო სერიის ნაწილია.

"ლაიფციგის შემთხვევა ევროკავშირის ტერიტორიაზე ესკალაციის ახალ ეტაპს წარმოადგენს და ის პირდაპირ რუსეთს მიეწერება, თუმცა, ეს სულ უფრო სახიფათო ინციდენტების ფართო სერიის ნაწილია." – თქვა მან.

ფონ დერ ლაიენმა გერმანიას სრული სოლიდარობაც გამოუცხადა და დაამატა, რომ ევროკავშირი მომხდარს არ შეეგუება. მისივე თქმით, თუ თავდასხმის მიზანი უკრაინის მხარდაჭერის შესუსტება იყო, ამან საპირისპირო შედეგი გამოიღო და ევროკავშირის პოზიცია კიდევ უფრო განამტკიცა.

"დაშინება არ იმუშავებს. სწორედ ამიტომ ვხვდები დღეს NATO-ს გენერალურ მდივანს. ჩვენ ერთიანად ვდგავართ. ევროპა და NATO რუსეთზე ზეწოლას არა მხოლოდ შეინარჩუნებენ, არამედ გააძლიერებენ და არ გავჩერდებით, სანამ რუსეთი უკრაინაში უდანაშაულო ბავშვების, კაცებისა და ქალების დაბომბვასა და მკვლელობას არ შეწყვეტს." – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ევროპამ რუსეთის ქმედებებზე უფრო სწრაფად და ეფექტიანად რეაგირებისთვის მზადყოფნა უნდა გააძლიეროს, ყოველდღიური ინფრასტრუქტურა კი ფრონტის ხაზზე მყოფ სამიზნედ განიხილოს და შესაბამისად დაიცვას. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი მხარს დაუჭერს ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს, რომელიც რუსეთის სამიზნე გახდება.

თავის მხრივ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ თქვა, რომ რუსეთი სულ უფრო უგუნურად მოქმედებს და უკრაინის წინააღმდეგ ომის პარალელურად ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის საჰაერო სივრცეში უფრო მეტი რუსული დრონი და რაკეტა ხვდება, NATO-ს ტერიტორიაზე კი მტრული მოქმედებები გახშირდა.

რუტემ ლაიფციგში მომხდარს რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმა უწოდა და გერმანიას NATO-ს სრული სოლიდარობა გამოუცხადა. მისი თქმით, მოსკოვი ცდება თუ ჰგონია, რომ მუქარით მოკავშირეებს დააშორებს ან უკრაინის მხარდაჭერაზე უარს ათქმევინებს.

ცნობისთვის, 1-ელ სექტემბერს გერმანიის მთავრობამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ლაიფციგ-ჰალეს აეროპორტში დრონებთან დაკავშირებულ ინციდენტზე პასუხისმგებელი რუსეთია და საპასუხო ზომები გამოაცხადა.

მოგვიანებით გერმანიის განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა გამოეხმაურე და დაიმუქრა, რომ გერმანია "ღირსეულ პასუხს" მიიღებს ბერლინში "რუსული სახლის" საქმიანობის შესახებ შეთანხმების გაუქმებისა და ბონში რუსეთის გენერალური საკონსულოს დახურვის გადაწყვეტილებისთვის.

პარალელურად, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა 2 სექტემბერს განაცხადა, რომ ამ ინციდენტს "სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ტერორიზმის ყველა ნიშანი აქვს".