რუსეთი ირანს ფარულად ეხმარებოდა ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტების შექმნაში, მათ შორის შესაბამისი ტექნოლოგიებისა და საინჟინრო ცოდნის გადაცემაში,- ამის შესახებ The Financial Times წერს.

გამოცემის ინფორმაციით, პროგრამა, კოდური სახელწოდებით C430L, 2023 წელს დაიწყო და მისი ორგანიზება რუსეთის სახელმწიფო იარაღის ექსპორტიორ „როსობორონექსპორტს“ დაევალა. პროგრამა კოორდინირებული იყო აშშ-ის სანქციების ქვეშ მყოფ რუსულ თავდაცვის საწარმო НПО машиностроения-სთან

ექსპერტების შეფასებით, ირანის მიერ შემუშავებული რაკეტები, სავარაუდოდ, როგორც ხომალდსაწინააღმდეგო, ისე სახმელეთო სამიზნეებზე თავდასხმისთვის იყო განკუთვნილი.

FT-ის ცნობით, 2023 წელს НПО машиностроения-ს რამდენიმე უფროსი ინჟინერი ირანში არაერთხელ იმყოფებოდა. მათ შორის იყვნენ საზღვაო ბაზირების და ფრთოსანი სარაკეტო კომპლექსების მთავარი კონსტრუქტორი ალექსანდრ დერგაჩოვი, საჰაერო-რეაქტიული ძრავების საპროექტო განყოფილების ხელმძღვანელი და ჰიპერბგერითი რეაქტიული ძრავების სპეციალისტი ალექსანდრ ჩებაკოვი, ასევე აეროდინამიკისა და ბალისტიკის განყოფილების ხელმძღვანელი იური პროხორჩუკი.

გამოცემის ინფორმაციით, დელეგაციას ირანში ერთ-ერთი ვიზიტისას „როსობორონექსპორტის“ თავდაცვის ტექნოლოგიებისა და კოსმოსის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვლადისლავ კუზმიჩოვიც ახლდა.

FT-ის მიერ მოპოვებული მასალების თანახმად, 2025 წლისთვის НПО машиностроения-მ ირანისგან ტექნიკური დოკუმენტაცია მიიღო, რომელიც რუსმა ინჟინრებმა შეისწავლეს და ირანულ მხარეს დამატებითი კითხვები გაუგზავნეს. 2025 წლის აპრილის მიმოწერაში „როსობორონექსპორტი“ ირანში რუსი სპეციალისტების ახალი დელეგაციის გაგზავნის ინიციატივით გამოვიდა და თეირანს სთხოვა, ვიზიტამდე ინჟინრების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხები მიეწოდებინა.

„ტექნოლოგიების გადაცემა ხშირად მხოლოდ ნახაზების, ნაწილების ან სრული რაკეტების გაგზავნად მიიჩნევა. თუმცა, გამოცდილ ინჟინერს შეუძლია პრობლემების გადასაჭრელად ადგილზე მუშაობით უზარმაზარი ღირებულება შექმნას“, — განუცხადა FT-ს ირანული რაკეტების ექსპერტმა და Conflict Armament Research-ის უფროსმა ანალიტიკოსმა ფაბიან ჰინცმა.

რუსეთსა და ირანს შორის სამხედრო-ტექნოლოგიური თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების ფონზე ვრცელდება. სამშაბათს, ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში, ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მადლობა გადაუხადა ირანთან დაკავშირებით მოსკოვის პოზიციისა და მხარდაჭერისთვის.

პეზეშკიანმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთსა და ირანს ერთად შეუძლიათ აშშ-ის წინააღმდეგობის გაწევა. თავის მხრივ, პუტინმა აღნიშნა, რომ მოსკოვი სოლიდარულია ირანელი ხალხის მიმართ საკუთარი ინტერესებისთვის ბრძოლაში და განაცხადა, რომ რუსეთი და ირანი არსებული სამხედრო-პოლიტიკური ვითარების მიუხედავად ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს შეინარჩუნებენ.