წელს საქართველოდან საშობაო მოგზაურობის მსურველთა რაოდენობა შემცირებულია. როგორც ტურისტული კომპანია „დაივერს თრეველის“ დამფუძნებელი ნიკა კვარაცხელია რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას განმარტავს, უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების საკითხი მოგზაურობის მოყვარულთა უმეტეს ნაწილში გაურკვევლობას იწვევს და შესაბამისად, ევროპაში წასვლისგან ისინი თავს იკავებენ.
„ზოგადად, დეკემბერში ყოველთვის მოთხოვნაა წინა საშობაოდ ლამაზად მორთულ ევროპის ქალაქებზე, თუმცა, სავიზო რეჟიმის საკითხები ამ ტენდენციას მნიშვნელოვნად დაეტყო.
იანვარში კი მოგზაურები უპირატესობას შედარებით თბილ ქვეყნებს ანიჭებენ, სადაც ზღვის სეზონია. ამ კუთხით, როგორც წესი, დუბაია გამორჩეული, წელს პოპულარული გახდა დოჰას მიმართულებაც, სადაც პირდაპირი ფრენები გვაქვს, ასევე, ტაილანდი და ასე შემდეგ. თუმცა, წელს ამ კუთხითაც განსაკუთრებული აქტიურობა ვერ შეინიშნება, რადგან სავიზო ფაქტორს ქუთაისიდან აბუ დაბის მიმართულებით ფრენების გაუქმებაც დაემატა“, - ამბობს ნიკა კვარაცხელია.
მისივე ინფორმაციით, 2025 წლის მე-3 კვარტალში ტურისტული ვიზიტები საქართველოდან უცხოეთში 3%-ით არის გაზრდილი, რაც მართალია, ზრდის ტენდენციის მაჩვენებელია, მაგრამ რომ არა უვიზო რეჟიმის გაუქმების მოლოდინები, ეს რიცხვი გაცილებით მაღალი იქნებოდა.