უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, მუშაობა შეწყვიტა 329 უკრაინულმა მედიასაშუალებამ, რომელთა დიდი უმრავლესობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ფრონტისპირა რაიონებში ფუნქციონირებდა.

ეს განცხადება მასობრივი ინფორმაციის ინსტიტუტმა (IMI) უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მე-1000 დღეს გაავრცელა.

დახურული მედიასაშუალებების რაოდენობით, „ლიდერები“ არიან: ზაპოროჟიეს (50 შემთხვევა), დონეცკის (35), ხერსონის (34), ნიკოლაევის (30), ხარკოვის (29), ლუგანსკის (26) და ოდესის (24) ოლქები.

„ზოგადად, IMI-ის კვლევამ აჩვენა, რომ რუსეთის ომმა გამოიწვია მედიის დახურვა ყველა რეგიონში, გარდა ორისა - ლვოვის და ივანო-ფრანკოვსკის“, - ნათქვამია განცხადებაში, თუმცა მასობრივი ინფორმაციის ინსტიტუტმა არ გამორიცხა, რომ იყო შემთხვევები, რომლებიც მკვლევარებისთვის ჯერ კიდევ უცნობია.

მედიის დახურვის ძირითადი მიზეზები იყო ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია (117 შემთხვევა) და ომის შედეგად გამოწვეული ფინანსური სირთულეები (96 შემთხვევა). მაგალითად, ოდესის ოლქში დახურული მედიის 83%-მა მუშაობა ფინანსური პრობლემების გამო შეწყვიტა.

მედიის დახურვის კიდევ ერთი მთავარი მიზეზი იყო ინტენსიური საომარი მოქმედებები, რის გამოც მუშაობა 82 მედიასაშუალების ჟურნალისტებმა შეწყვიტეს.

ამავდროულად, 29 მედიასაშუალებამ დახურვის მიზეზებად დაასახელა ჟურნალისტების სხვა ადგილზე გადასვლა, გავრცელების პრობლემები და მუშაობის ისეთი შესაძლებლობების არარსებობა, როგორიც ომამდე გააჩნდათ.

„საინტერესოა, რომ ექვსმა მედიასაშუალებამ მუშაობა მათი მთავარი რედაქტორების ან სხვა ხელმძღვანელი პირების მობილიზების გამო შეწყვიტა. ორი ასეთი მედიასაშუალება ნიკოლაევისა და ჩერნივცის ოლქებში ფუნქციონირებდა, თითო-თითო კი - კიროვოგრადისა და ჩერკასის ოლქებში“, - ნათქვამია IMI-ის განცხადებაში.

რაც შეეხება დახურული მედიასაშუალებების ტიპებს, ყველაზე დიდი ზარალი ტელევიზიებმა განიცადეს.

სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე, დაიხურა 105 სატელევიზიო არხი, რაც იმ მედიასაშუალებების 32%-ს შეადგენს, რომლებმაც მუშაობა შეწყვიტეს.

მეორე ადგილზეა ბეჭდური მედია: აღარ გამოდის 95 გაზეთი (ყველა მედიასაშუალების 29%, რომლებმაც საქმიანობა შეწყვიტეს).

გარდა ამისა, რუსეთის შეჭრამ გამოიწვია 77 რადიოსადგურის დახურვა (ყველა დახურული მედიასაშუალების 23%). ყველაზე ნაკლებად დაზარალდა ონლაინ მედია: დაიხურა ახალი ამბების 52 საიტი, რაც ყველა დახურული მედიასაშუალების 16%-ს შეადგენს.

იმ რეგიონებს შორის, სადაც მედიამ მუშაობის განახლება მოახერხა, ლიდერობენ ხერსონის (14 ასეთი შემთხვევა), ხარკოვის (12) და ნიკოლაევის (7) ოლქები. მედიის მუშაობის განახლება, ძირითადად, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული იმ ტერიტორიების დეოკუპაციის შემდეგ მოხდა, სადაც ჟურნალისტები დაბრუნდნენ.

სამხედრო აგრესიის 1 000 დღის განმავლობაში, რუსეთმა უკრაინაში ჟურნალისტებისა და მედიის წინააღმდეგ 664 დანაშაული ჩაიდინა. დაიღუპა მედიის 91 თანამშრომელი.

წყარო: 1 არხი