რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, 2025 წელს უკრაინაში სამოქალაქო მსხვერპლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა: გასული წლის განმავლობაში, ომს 2 514 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 12 142 დაშავდა.
ამის შესახებ უკრაინაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიამ (HRMMU) განაცხადა.
გასულ წელს გარდაცვლილთა და დაშავებულთა საერთო რაოდენობა, 2024 წელთან შედარებით, 31%-ით გაიზარდა (2 088 დაღუპული და 9 138 დაშავებული), ხოლო 2023 წელთან შედარებით - 70%-ით (1 974 დაღუპული და 6 651 დაშავებული).
აღსანიშნავია, რომ მსხვერპლის უმეტესობა უკრაინის მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიებზე დაფიქსირდა. სადამკვირვებლო მისიის ცნობით, გასულ წელს მშვიდობიან მოსახლეობაში გარდაცვალებისა და დაზიანების შემთხვევების 97 პროცენტი (2 395 დაღუპული და 11 751 დაშავებული) რუსული თავდასხმებით იყო გამოწვეული.
მისიის ხელმძღვანელმა, დანიელ ბელმა აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი სამოქალაქო პირთა დაცვის კუთხით ვითარების სერიოზულ გაუარესებაზე მიუთითებს.
„ჩვენი მონიტორინგის მიხედვით, ეს ზრდა განაპირობა არა მხოლოდ ფრონტის ხაზზე ბრძოლების გააქტიურებამ, არამედ შორი მოქმედების იარაღის გამოყენების გახშირებამაც, რამაც მშვიდობიანი მოსახლეობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გაზრდილი რისკის ქვეშ დააყენა“, - განაცხადა ბელმა.
ვითარება ფრონტის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე
ყველაზე მეტად დაზარალდა ფრონტის ხაზის მიმდებარე ტერიტორიები: გასულ წელს დადასტურებული სამოქალაქო მსხვერპლის 63 პროცენტი (9 253 ადამიანი) სწორედ იქ დაფიქსირდა. განსაკუთრებით დაუცველები აღმოჩნდნენ 60 წლისა და უფრო მაღალი ასაკის ადამიანები, რომლებიც ფრონტისპირა ზონებში დარჩენილთა 45 პროცენტს შეადგენდნენ (მათი წილი, მთელი უკრაინის მასშტაბით, მხოლოდ 25 პროცენტია).
ფრონტის ხაზთან სამოქალაქო მსხვერპლის ზრდა ასევე უკავშირდება რუსების მიერ ახლო მოქმედების დრონების აქტიურ გამოყენებას. დრონებით დარტყმების შედეგად, წლის განმავლობაში, 577 ადამიანი დაიღუპა და 3 288 დაშავდა. ეს 120 პროცენტით მეტია, ვიდრე 2024 წელს (226 დაღუპული და 1 528 დაშავებული).
გარდა ამისა, ახალი ტერიტორიების დასაპყრობად რუსული ჯარების შეტევამ გამოიწვია ინფრასტრუქტურის განადგურება, საბაზისო სერვისების შეფერხება და იძულებით გადაადგილებულ პირთა ახალი ტალღები წარმოშვა.
დარტყმები შორი მოქმედების იარაღით
მისიის მონაცემებით, 2025 წლის ივნისიდან რუსეთმა უფრო აქტიურად დაიწყო შორი მოქმედების იარაღის გამოყენება, რაზეც გასულ წელს მთლიანი სამოქალაქო მსხვერპლის 35% მოდიოდა. ამ თავდასხმების შედეგად 682 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 4 443 კი დაშავდა.
წყარო: 1 არხი