თვალთვალი, შევიწროება, ქრთამის გამოძალვა… მიგრანტების ყოველდღიური ცხოვრება რუსეთში

ციფრული თვალთვალის, ქრთამის გამოძალვის, დამცირებისა და ქუჩაში შევიწროების გამო, ყირგიზი ტაქსის მძღოლი, ალიმი რუსეთში იოლი ცხოვრებით ვერ დაიტრაბახებს. „ყველა ითხოვს: გადაიხადე, გადაიხადე, გადაიხადე“ - ეუბნება საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესს“ მოსკოვის ოლქში მცხოვრები 38 წლის ორი შვილის მამა. „პოლიცია გამუდმებით ითხოვს ქრთამს თითოეული დოკუმენტისთვის, თითოეული ბეჭდისთვის: იქნება ეს რეგისტრაცია, პატენტი თუ მუშაობის ნებართვა,“ - ამბობს ალიმი და იქვე ამატებს, რომ ზოგიერთი საბუთი არაოფიციალურად 300 დოლარამდე ჯდება. ყოველდღიურად ძლიერდებაზეწოლა რუსეთში მყოფ დაახლოებით 6.5 მილიონ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე - ძირითადად ცენტრალური აზიიდან ჩასულ შრომით მიგრანტებზე, რომლებიც დაბალკვალიფიციურ სამუშაოებს ასრულებენ და ხელფასს ოჯახებში აგზავნიან.

საიმიგრაციო წესების გამკაცრებით, ჩინოვნიკები სამუშაოსა და სკოლებზე მათი წვდომის შეზღუდვას ცდილობენ, ხოლო ქსენოფობია, რომელიც ქვეყანაში ისედაც მაღალი იყო, კიდევ უფრო იზრდება. ალიმი ვალდებულია, სახელმწიფო თვალთვალის აპლიკაცია „ამინას“ (Amina) მეშვეობით, რომელიც მას ტელეფონში უნდა ჰქონდეს დაინსტალირებული, ყოველდღიურად აცნობოს ხელისუფლებას თავისი ადგილმდებარეობა . „თუ ამას ზედიზედ სამი დღე არ გააკეთებ, შავ სიაში ხვდები, საიდანაც ამოშლა რთულია“, - განმარტავს მიგრანტი. ე.წ. „მონიტორინგს დაქვემდებარებულ პირთა რეესტრში“ მოხვედრა საბანკო ანგარიშების გაყინვას ნიშნავს და სამსახურის დაკარგვის, უნივერსიტეტიდან გარიცხვის ან სულაც დეპორტაციის რისკს ზრდის.

„ეს სიგიჟეა!“

წესები კიდევ უფრო გამკაცრდა გასულ წელს, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დააკანონა ახალი პოლიტიკა, რომელიც „რუსეთში მიგრანტთა ოჯახის წევრების ყოფნის შეზღუდვას“ ისახავს მიზნად. დოკუმენტის თანახმად, ახალმა ზომებმა უნდა „შეამციროს ტვირთი სოციალურ და ჯანდაცვის სერვისებზე“. ერთ-ერთი მოთხოვნა გულისხმობს ზემკაცრ ენის ტესტებს მიგრანტთა შვილებისთვის, რომელთაც რუსულ სკოლებში შესვლა სურთ. პროექტ „მიგრანტი ბავშვების“ რუსული ენის მასწავლებელი, ანა ორლოვა აკრიტიკებს როგორც ტესტებს, ისე მთლიან პოლიტიკას.

„პირიქით, უნდა გვიხაროდეს, რომ მიგრანტები ჩვენთან ჩამოდიან. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ეკონომიკა იზრდება“, - ამბობს ის. ფედერალური მარეგულირებლის მონაცემებით, რთულმა ტესტებმა და სხვა ბიუროკრატიულმა ბარიერებმა განაპირობა ის, რომ 2025 წელს მიგრანტი ბავშვების 87%-ს სკოლაში მიღებაზე უარი ეთქვა. „განათლების სამინისტრომ მიზნად დაისახა, რომ სკოლებში არარუსი მოსწავლეები აღარ მიიღონ. ეს სიგიჟეა“, - მიიჩნევს ორლოვა. ალიმის ქალიშვილს, რომელიც ახლა ბაღში დადის, ამ ტესტის ჩაბარება მალე მოუწევს.

არის იმის ნიშნები, რომ საზოგადოებრივი ქსენოფობიის მაღალმა დონემ საკლასო ოთახებშიც შეაღწია. ალიმის ვაჟს, რომელიც უკვე სკოლის მოსწავლეა, ცოტა ხნის წინათ რუსმა თანაკლასელებმა სცემეს. დეკემბერში, მოსკოვის მახლობლად მდებარე სკოლაში, ნეონაცისტური შეხედულებების მქონე მოზარდმა 10 წლის ტაჯიკი ბიჭი დანით მოკლა. „მიგრანტის ცხოვრება რუსეთში რთულია. მიგრანტი წარმოჩინდება მტრად, ვისზეც საზოგადოებაში არსებული უკმაყოფილება ინთხევა“, - აღნიშნა მიგრანტთა უფლებების დამცველი ჯგუფის, „სამოქალაქო დახმარების“ წარმომადგენელმა, სვეტლანა განუშკინამ, რომელიც ხელისუფლებამ „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადა.

„გვეუბნებიან, რომ ისინი ჩვენს სამუშაო ადგილებს იკავებენ და ხელფასებს დაბლა სწევენ“, - დასძინა მან. ასეთმა ანტიიმიგრაციულმა ნარატივმა, რომელიც ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული, განსაკუთრებული სიმწვავე შეიძინა რუსეთში - ქვეყანაში, სადაც ინფლაცია მაღალია, ხოლო ხელისუფლებამ არმიის დასაფინანსებლად გადასახადები გაზარდა, რადგან უკრაინაში ომი მალე მეხუთე წლის ათვლას დაიწყებს.

გაწვევის შიში

განუშკინას თქმით, ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური რეაგირება მოსკოვის გარეუბანში მდებარე საკონცერტო დარბაზში 2024 წლის მარტში მომხდარი ხოცვა-ჟლეტით გამოწვეულმა შიშმა განაპირობა, რომელმაც 149 ადამიანი იმსხვერპლა. ოთხი სავარაუდო თავდამსხმელი, რომელთა სასამართლო პროცესი ახლა მიმდინარეობს, ტაჯიკეთიდან არის. ანტიმიგრანტულმა განწყობებმა გაზარდა ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფის პოპულარობა, როგორიცაა, მაგალითად, კრემლთან აფილირებული ულტრანაციონალისტური „რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია“. „რეგიონებში ხშირად დავდივარ და უკანონო მიგრაცია ხშირად მთავარი საკითხია, რომელსაც ჩვენი თანამოქალაქეები აყენებენ. ყელში ამოგვივიდა ეს სიტუაცია“, - განაცხადა პარტიის ლიდერმა, ლეონიდ სლუცკიმ YouTube-ის ეთერში.

სლუცკიმ მიგრანტები რუსული საზოგადოების „პრინციპებისა და ტრადიციების ძირის გამოთხრაში“ დაადანაშაულა. სააგენტო „ფრანს პრესთან“ კომენტარის გაკეთებაზე მან უარი თქვა. ალიმს სურს, რომ რუსეთი 2030 წლისთვის დატოვოს, როდესაც, მისი ვარაუდით, ყირგიზეთში იპოთეკურ სესხს დაფარავს. „ჩემი ბევრი თანამემამულე უკვე დაბრუნდა, რადგან მათი შვილები სკოლაში არ მიიღეს“, - თქვა მან.

რუსეთში ოთხი წლის ცხოვრების შემდეგ, ალიმს აღარ სურს რუსული პასპორტი, რომლის მიღება ერთ დროს ძალიან უნდოდა. ამის მიზეზი უკრაინაში მოსკოვის აგრესიაა. „არ მინდა, ჯარში გამიწვიონ“, - დასძინა მოსკოვის ოლქში მცხოვრებმა მიგრანტმა.

წყარო: 1 არხი