თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის ცენტრალური ბანკის ახალ მმართველად ჰაფიზე გაიე ერკანი დანიშნა. ერკანი უოლ სტრიტის ყოფილი ბანკირია.

ერკანს, რომელიც თურქეთის ცენტრალური ბანკის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა, აქვს აშშ-ში ყველაზე ახალგაზრდა ფინანსისტი პროფესორის ტიტული.

ერკანი ასევე იყო Goldman Sachs-ის ყოფილი მმართველი დირექტორი და ამერიკული First Republic Bank-ის აღმასრულებელი დირექტორი. 

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს არჩევანი, კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც, შეიძლება მიუთითებდეს თურქეთის ეკონომიკური პოლიტიკის ცვლილებისკენ. მათი აზრით, თურქეთის მონეტარული პოლიტიკა შეიძლება დარეგულირდეს და ტრადიციულ კურსს დაუბრუნდება.

ერდოღანის არატრადიციულმა ეკონომიკურმა მიდგომამ, რომლის თანახმადაც, საპროცენტო განაკვეთების შემცირება ინფლაციასაც შეამცირებს, ბაზარზე ახალი რეგულაციებისა და ჩარევების საჭიროება გამოიწვია. ამან კი უარყოფითად იმოქმედა უცხოელ ინვესტორებზე, ასევე თურქული აქციებისა და ობლიგაციების ღირებულებაზეც.

ბოლო ერთწლიან პერიოდში თურქული ლირა დოლართან მიმართებით თითქმის 25%-ითაა გაუფასურებული.