სტრატეგიული კვლევების ხელმძღვანელი, პოლიტიკის ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე ახლო აღმოსავლეთში პროცესებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. "კომერსანტი" პოლიტოლოგის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

"თუ ერაყელს უყვარს მოკვლა, ირანელს უყვარს სიკვდილი"80-იანების დასაწყისში ერთმა ავტორიტეტულმა ანალიტიკოსმა თქვა ეს სიტყვები, რომელიც კარგად იცნობდა ახლო აღმოსავლეთს. ის ირან-ერაყის 1980-1988 წლების ომის შესახებ საუბრობდა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი სამხედრო კონფლიქტი იყო და რომელმაც ორივე მხრიდან 1,5 მლნ ადამიანი იმსხვერპლა. აიათოლების მიერ შთაგონებული ჯარისკაცები, მკერდზე დაკიდებული "სამოთხის გასაღებით", მოხალისეებიც უმეტესწილად, უშიშრად მიდიოდნენ დანაღმულ ველზე და ფეთქდებოდნენ იმ რწმენით, რომ იმქვეყნად სამოთხეში მოხვდებოდნენ.თუ ტრამპი ირანის ნავთობს და, შესაბამისად, ნავთობის ფასს გააკონტროლებს (ვენესუელისას უკვე აკონტროლებს), წონადი არგუმენტი ექნება რუსეთთან და ჩინეთთან დაპირისპირებაში...ამიტომ, ძნელი არ იყო იმის პროგნოზირება, რომ აშშ და ისრაელი ირანს უეჭველად დაარტყამდნენ, რაც ამასწინანდელ ინტერვიუში ვივარაუდე კიდეც. თეოკრატიული რეჟიმი ირანის მოსახლეობის უმეტესობას არ სურს და ის უნდა შეიცვალოს. მაგრამ თუ ეს სამხედრო დარტყმების მეშვეობით განხორციელდა, მშვიდობა რეგიონში დიდხანს არ გასტანს. თეოკრატიული რეჟიმი შესაცვლელია - ასე მიიჩნევენ ირანელები, მაგრამ სწორედ ეს ქმნის გამოუვალ ჩიხს. ამ ამოცანასთან შედარებით, ყველა სხვა, აზრს კარგავს. მათ შორის, ისიც, ჰიპოთეტურად რომ დავუშვათ, რომ ისრელს დაუდგება ეგზისტენციური საფრთხე და ის იძულებული გახდება, გამოიყენოს ატომური იარაღი, რომლის ფლობას ის არც უარყოფს და არც ადასტურებს. ეს გარემოება ოფიციალურად აღიარებული არ არის საერთაშორისო თანამეგობრობის და ატომური იარაღის მფლობელი სახელმწიფოების მხრიდან. შესაბამისად, ისრაელს ხელი არ აქვს მოწერილი ატომური იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებაზე.ვითარების არაპროგნოზირებადობას ისიც ზრდის, რომ გაუგებარია, თუ ომი გაგრძელდა, დამამთავრებელ ეტაპზე აუცილებელი გახდება სახმელეთო ოპერაციის განხორციელება. ეს, ბუნებრივია, იმ შემთხვევაში, თუ ირანის დღევანდელ რეჟიმს მისმა ოპონენტებმა სამოქალაქო დაპირისპირების, ან ჯანყის მეშვეობით ვერ აჯობეს და ვერ დაასრულეს. ამ შემთხვევაში აუცილებელი სახმელეთო ოპერაციის განხორციელებისთვის მზაობა აშშ-ს არ აქვს, მარტო ისრაელი კი, ამას ვერ შეძლებს.აი, ესაა ამ ომის ალფა და ომეგა.გასათვალისწინებელია დღევანდელი ირანის სახელმწიფოს არა მხოლოდ თეოკრატიული ხასიათი, არამედ მოსახლეობის დემოგრაფიული სტრუქტურაც. - სავარაუდო 80 მილიონიდან, სპარსელია 50%-ზე მეტი, აზერბაიჯანელი 24%, ქურთი 7%, ქართველები - 0,01 პროცენტი. დღეს , ზოგიერთი, პოლიტიკოსებიდანაც და საექსპერტო წრეებიდანაც, მთელ მსოფლიოში, ირანის დაშლაზე ოცნებობს. მაგრამ ეს იმდენად შეცვლის გეოპოლიტიკურ ლანდშაფტს და საფრთხედ იქცევა მთავარი მოთამაშეებისთვის, აშშ-ის და დანარჩენებისთვის, რომ შეიძლება ამ დაშლის პერსპექტივას, პირველ რიგში, თავად აშშ შეეწინააღმდეგოს, როგორც ეს მოხდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით. და აქ დასავლელი პოლიტიკოსების მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ არ დარჩენილიყო უკონტროლოდ სსრკ-ის ატომური არსენალი.აქ კი, თუ ირანი დაიშალა და რამდენიმე სახელმწიფო ჩამოყალიბდა, ტერორიზმის სპონსორი ქვეყანა, როგორც მას დასავლეთში უწოდებენ, არარ იქნება, მაგრამ 20 მილიონიანი ახალი აზერბაიჯანული სახელმწიფო თურქმანული ქვეყნების ძლიერებას კიდვ უფრო მეტად გაზრდის და ევრაზიულ სივრცეში დომინირების პრეტენზიის მქონე ერთობა ჩამოყალიბდება თურქეთის მეთაურობით. და ეს, მიუხედავად იმისა, რომ სადღეისოდ ერდოგანის თურქეთი ტრამპის ამერიკის სტრატეგიული მოკავშირეა.არარეალურია, მაგრამ თუ ისრაელს საარსებო საფრთხე დაემუქრა და ირანში მასობრივი განადგურების იარაღი იქნა გამოყენებული "ვინმეს" მიერ, ეს იქნება ასევე რეალური ტრაგედია მიმდებარე ქვეყნებისთვის და ეს არა მხოლოდ რადიაციის საფრთხის გამო.ამ დაახლოებით 80 მილიონიდან, ამ შემთხვევაში, ბევრი გახდება ლტოლვილი და პირველ რიგში, მოსაზღვრე ქვეყნებს მიაწყდება...სირიიდან, ცნობილი მოვლენების გამო, სხვადასხვა დროს, უამრავი ადამიანი იქცა ლტოლვილად. მათ შორის, თურქეთში მხოლოდ, 3 მლნ ადამიანი იყო თავმოყრილი ერთ მთავარ ბანაკში, რომლის შესანახადაც ევროკავშირი ყოველწლიურად დიდ თანხას აძლევდა თურქეთს, რათა ეს ნაკადი ევროპისკენ არ დაძრულიყო.ასე რომ, რაც ხდება, ბეწვის ხიდზე გავლაა და არა მარტო მონაწილე სუბიექტებისთვის, ჩვენთვისაც, სამწუხაროდ." - წერს ბერიძე.