ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებაზე საკითხზე ბრიუსელთან მოლაპარაკებების განახლების მიზნით, ისლანდია რეფერენდუმის თარიღის გადმოწევას აპირებს და ის, შესაძლოა, აგვისტოშიც კი ჩატარდეს. მიუხედავად იმისა, რომ რეფერენდუმის გამართვა, თავდაპირველად, 2027 წლისთვის იყო დაგეგმილი, გეოპოლიტიკური ძვრების ფონზე ეს პროცესი, როგორც ჩანს, დაჩქარდა.
ევროკავშირთან მოლაპარაკებები რეიკიავიკმა 2013 წელს გაყინა და 2015 წლის მარტში მოითხოვა, რომ წევრობის კანდიდატ ქვეყნად აღარ ყოფილიყო მიჩნეული. თუმცა, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ევროკავშირის გაფართოების შესახებ საუბრები დღეს სულ უფრო ძლიერდება: ბრიუსელი მუშაობს გეგმაზე, რომელმაც უკრაინას, შესაძლოა, მომავალ წელსვე მიანიჭოს ნაწილობრივი წევრის სტატუსი, ხოლო მონტენეგრომ ახლახან მოლაპარაკებების კიდევ ერთი თავი დახურა. წყაროების ცნობით, მოსალოდნელია, რომ ისლანდიის პარლამენტი რეფერენდუმის თარიღს უახლოეს კვირებში გამოაცხადებს. თუ ამ ქვეყნის მოქალაქეები გაწევრიანებას მხარს დაუჭერენ, ისლანდია, შესაძლოა, ევროკავშირს ნებისმიერ სხვა კანდიდატ ქვეყანაზე ადრე შეუერთდეს. ევროკავშირის კომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, თორგერდურ კატრინ გუნარსდოთირთან ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „გაფართოების შესახებ დებატები სულ უფრო მეტად უკავშირდება უსაფრთხოებისა და გეოპოლიტიკური სტაბილურობის საკითხებს“. ამავდროულად, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ისლანდიის პრემიერ-მინისტრ კრისტრუნ მიოდლ ფროსტადოთირს შეხვდა და აღნიშნა, რომ ორ მხარეს შორის თანამშრომლობა „ხელს შეუწყობს სტაბილურობის განმტკიცებას და პროგნოზირებადობას არასტაბილურ სამყაროში“. პროცესის დაჩქარება შეერთებულ შტატებთან ურთიერთობსაც უკავშირდება. ვაშინგტონის მიერ ტარიფების დაწესებამ და გრენლანდიის ანექსიის შესახებ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებებმა, ასევე ისლანდიაში აშშ-ის ელჩობის კანდიდატის, ბილი ლონგის კომენტარებმა იმის თაობაზე, რომ ქვეყანა შესაძლოა აშშ-ის 52-ე შტატი გახდეს, შეშფოთების განცდა გააძლიერა. ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი ისლანდიამ ჯერ კიდევ 2009 წელს, მწვავე ფინანსური კრიზისის ფონზე შეიტანა, რამაც მისი სამი უმსხვილესი კომერციული ბანკის კოლაფსი გამოიწვია. თუმცა, 2013 წელს მოლაპარაკებები შეჩერდა, რადგან, ერთი მხრივ, ეკონომიკა მალევე აღდგა, მეორე მხრივ კი ევროზონის მიმართ შეშფოთება გაჩნდა. ჩრდილოეთ ატლანტიკაში სტრატეგიული მდებარეობის მქონე ქვეყანას არ ჰყავს ჯარი და უსაფრთხოების გარანტად ნატო-ს წევრობა და 1951 წელს აშშ-სთან გაფორმებული ორმხრივი თავდაცვის შეთანხმება მიაჩნია. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ ევროკავშირის წევრობის მიმართ ისლანდიის საზოგადოების მხარდაჭერა იზრდება782591). მიუხედავად ამისა, არსებობს მნიშვნელოვანი დაბრკოლებები, განსაკუთრებით მეთევზეობის საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ისლანდიის ეკონომიკის საკვანძო სექტორია. ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა, გუდნი თორლასიუს იოჰანესონმა საზოგადოება გააფრთხილა, რომ შესაძლოა სერიოზული შიდა პოლიტიკური დაბრკოლებები წარმოიშვას. წინა მოლაპარაკებების დროს, ისლანდიას გაწევრიანებისთვის აუცილებლად შესასრულებელი 33 საკითხიდან 11 უკვე დახურული ჰქონდა. როგორც ევროპის ეკონომიკური ზონისა და შენგენის ზონის წევრმა, მან უკვე მოახდინა ევროპული კანონმდებლობის დიდი ნაწილის ჰარმონიზება შიდა კანონმდებლობასთან. მოლაპარაკებების განახლებისა და წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც კი, საბოლოო გაწევრიანებას ახალი რეფერენდუმი დასჭირდება.
საკითხის გეოპოლიტიკური განზომილების მიუხედავად, ერთ სულ მოსახლეზე მაღალი მშპ-დან გამომდინარე, რომლითაც ეს ქვეყანა მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა, ევროკავშირში გაწევრიანებით მიღებულ ეკონომიკურ სარგებელს ისლანდიელებისთვის ნაკლებად გადამწყვეტ მნიშვნელობა გააჩნია, ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნების მოსახლეობისთვის.
წყარო: 1 არხი