პოლიტიკის ექსპერტების შეფასებით, ირანში განვითარებული მოვლენები შესაძლოა რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურა მნიშვნელოვნად შეცვალოს და ფართო გეოპოლიტიკური გადალაგების დასაწყისი გახდეს. მათი თქმით, მიმდინარე პროცესები გავლენას იქონიებს არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთზე, არამედ მის სამეზობლოზეც, მათ შორის საქართველოზე.

ამასთან, „ალექსანდრე რონდელის ფონდის“ უფროსი ანალიტიკოსი შოთა უტიაშვილი აცხადებს, რომ ირანში მიმდინარე პროცესები დიქტატორული რეჟიმებისთვის მკაფიო გაფრთხილებაა და  ხელისუფლება მძიმე გეოპოლიტიკური არჩევანის წინაშე დგას.

"ის, რაც ირანში მოხდა, მხოლოდ გააძლიერებს პროდასავლურ, დემოკრატიულობას მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც და არის დიდი გაფრთხილება ყველანაირი რჯულის, დიდი და პატარა დიქტატორებისთვის, რომ თუ რეჟიმი ირანში, რომელიც ამდენი წელი, 47 წელი ითლებოდა ხელშეუხებლად, ახლა ჩამოიშალა, უფრო ადრე ჩამოიშალა ვენესუელა, უფრო ადრე ჩამოიშალა სირია. მითუმეტეს, ამას დაემთხვა ბრიტანული სანქციები, ამას დაემთხვა აშშ-ს კონგრესში კანონპროექტის შეტანა. თანაც, საქართველო მდებარეობს ირანსა და რუსეთს შორის და ამერიკელებისთვის ამ გზის კონტროლი არის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი. "ოცნება" ძალიან მძიმე არჩევანის წინაშე დგას და მხოლოდ განცხადებებით ამ საქმეს არაფერი ეშველება", - ამბობს "ალექსანდრე რონდელის ფონდის" უფროსი ანალიტიკოსი შოთა უტიაშვილი. 

ამ კონტექსტში, „ალექსანდრე რონდელის ფონდის“ მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ ირანში მიმდინარე მოვლენები რეგიონში ბოლო ათწლეულების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გარდატეხას წარმოადგენს და ძალთა ბალანსის ცვლილება უახლოეს პერიოდში უფრო მკაფიო გახდება.

"ეს არის ყველაზე მთავარი მოვლენა, რაც კი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ბოლო 27 წლის განმავლობაში მომხდარა, იმიტომ, რომ ირანი არის რეგიონის ყველაზე დიდი ქვეყანა, 90 მლნ მოსახლით და იქ განვითარებული ნებისმიერი მოვლენა ეხება არა მხოლოდ ამ ქვეყანას, არამედ მის სამეზობლოსაც და მათ შორის საქართველოსაც შეიძლება შეეხოს. ირანი არ არის ის ქვეყანა, რომელსაც ერთ ან ორ დღეში თუნდაც აშშ-მა ომი მოუგოს, თუმცა, რა თქმა უნდა, ძალები არ არის თანაბარი და ვფიქრობ, რომ უახლოეს ხანში დავინახავთ იმ უპირატესობას, რომელიც აშშ-სა და ისრაელს ერთად გააჩნიათ", - ამბობს "ალექსანდრე რონდელის ფონდის" მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი.

 ირანში ვითარება მკვეთრად გამწვავდა მას შემდეგ, რაც აშშ-მ და ისრაელმა ქვეყნის სამხედრო და პოლიტიკურ სამიზნეებზე მასშტაბური იერიშები განახორციელეს. დარტყმების შედეგად, ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და რამდენიმე მაღალი რანგის სამხედრო და პოლიტიკური ფიგურა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა თეირანზე დარტყმების ახალი ტალღაც დაადასტურეს, აცხადებენ, რომ ოპერაცია მიმართულია ირანის სარაკეტო და სამხედრო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. ირანში აცხადებენ, რომ იერიშებს მშვიდობიანი მოსახლეობაც ემსხვერპლა.

ხამენეის სიკვდილის შემდეგ ქვეყანაში გარდამავალი მმართველობა ამოქმედდა, ხოლო ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა აშშ-ისა და ისრაელის წინააღმდეგ მკაცრი საპასუხო ქმედებები დააანონსა.

რეგიონში უსაფრთხოების ვითარება უკიდურესად დაძაბულია.

tvpirveli.ge