23 თებერვალს, სარფში, ტრაილერის მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. პროტესტის მიზეზი გახდა ე.წ. TIR პარკების მიერ გაზრდილი გადასახადი.

22 თებერვლის ჩათვლით, მძღოლები ავტოსადგომზე შესვლის საფასურს 80 ლარს იხდიდნენ.

23 თებერვალს კი 130 ლარის გადახდა მოუწიათ.

მძღოლებმა, რომლებმაც გაზრდილი ფასი გადაიხადეს სავალდებულო ავტოსადგომზე შესვლისათვის, დღეს, 23 თებერვალს სპონტანური საპროტესტო აქცია გამართეს სარფში, სადაც ერთ საათზე მეტი ხსნის განმავლობაში იყო ტრაილერების კოლონა გაჩერებული.

„გეგონება სერიოზულ სასტუმროში შედიხარ, ისეთი მდგომარეობაა, TIR პარკში ფასები რომ მოამატეს.

სერვისი არის ნული. კოფე, სიგარეტი, საჭმელი – ყველაფერი ძვირია. ყველა მძღოლი ვალდებულია შევიდეს ამ ავტოსადგომებში, ისე საბაჟო არ გაგიშვებს საზღვარზე,“ – ამბპბს ტრაილერის მძღოლი, ზაზა დუმბაძე.

„წუხელ ღამის 12 საათზე გავიგეთ, რომ TIR პარკებში გადასახადი გაიზარდა და 80 ლარის ნაცვლად გახადეს 130 ლარი. არ განმარტეს, რატომ გააძვირეს.

ამ დროს ფასის გაზრდა კი არა, TIR პარკებში არსებული სიტუაციაა მოსაგვარებელი. ნაგავსაყარი უფროა, ვიდრე TIR პარკი,“ – ამბობს სატრანსპორტო ასოციაცია „2020-ის“ ხელმძღვანელი მირიან მახარაძე.

მირიან მახარაძე ასევე საუბრობს სარფის საბაჟოს გამტარუნარიანობის შეზღუდულობაზე. მისი თქმით, მაშინ როცა საბაჟოს 4 გამტარი ზოლი აქვს, მხოლოდ ერთი მუშაობს, რაც მუდმივ რიგს ნიშნავს.

„მებაჟეები, ვინც მუშაობენ, ისინი ხარისხიანად მუშაობენ. მებაჟეებთან არ გვაქვს პრეტენზია. მაგრამ კადრების ნაკლებობაა. ჩვენი მხარე აბრალებს თურქეთს, თურქები აბრალებენ ჩვენებს. რეალურად არც იქეთაა მებაჟეები და არც აქეთ. ორი ზოლი, სადაც მოწყობილი აქვთ ინფრასტრუქურა და შეუძლიათ გაატარონ მანქანები, გაჩერებული აქვთ,“ – ამბობს მირიან მახარაძე.

საქართველოში სულ 9 საბაჟო-გამშვები პუნქტია: სარფი, ყაზბეგი, წითელი ხიდი, სადახლო საავტომობილო, ლაგოდეხი, გუგუთი, ნინოწმინდა, ვალე და კარწახი.

მოქმედი კანონმდებლობით, საბაჟო გამშვები პუნქტების მიმართულებით მიმავალი ყველა სახის სატვირთო ავტომანქანა, მიუხედავად იმისა, ცარიელია თუ დატვირთული, საბაჟოზე გასვლამდე ვალდებულია გაჩერდეს ავტოსადგომზე, ე.წ. TIR პარკზე.

TIR პარკები ჩართულნი არიან ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში.

აქ იღებენ სატვირთო ავტომობილების მძღოლები რიგის ნომრებს, რომლითაც მერე საბაჟოზე გადიან.

ჯემალ დუაძე, რომელიც გონიოში მდებარე ერთ-ერთი TIR პარკის წარმომადგენელია, ამტკიცებს, რომ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და მომსახურების ფასი არ გაზრდილა.

„TIR პარკი გაძვირდა – არ არის სწორი ფორმულირება. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულია ფასი 24 საათის განმავლობაში არაუმეტეს 80 ლარისა. ჩვენ ვითვალისწინებთ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას, ამიტომ 24 საათის შემდეგ დავუმატეთ არა დღიურად 80 ლარი, არამედ 50 ლარი.

სანამ მანქანა გავა შეიძლება სამი დღე მოუწიოს ან 4 დღე, მოუწევს დამატება 50 ლარის. გადასახადებს ვიხდით ჩვენ, მომსახურების საფასურს ვიხდით ფიქსირებულს, სხვადასხვა გადასახადს ვიხდით, დასაქმებულებს ხელფასს ვუხდით…

21-ე საუკუნეა, ყველაფერს სჭირდება განვითარება და სტანდარტებში მოყვანა. ამისათვის საჭიროა ფინანსური სახსრები და თუ არ იქნება ეს ფინანსური სახსრები, მაშინ გაჩერდება ავტოპარკების ფუნქციონირება,“ – ამბობს  ავტოსადგომ „ავტო 2015“-ის წარმომადგენელი ჯემალ დუაძე.

მძღოლები კი ამბობენ, რომ ისინი 80 ლარს იხდიდნენ 22 თებერვლამდე, გუშინ, 23 თებერვალს კი, ავტოსადგომებმა გადასახადი გაზარდეს.

რეალურად, 2026 წლის 22 თებერვლის ჩათვლით, მძღოლებს, მიუხედავად იმისა, რა ხნით დარჩებოდნენ TIR პარკში – 24 საათი თუ მეტი, მხოლოდ 80 ლარი ჰქონდათ გადასახდელი.

ახალი რეგულაციით, 24 საათზე მეტი ხნით დაყოვნების შემთხვევაში, მათ 130 ლარის გადახდა მოუწევთ.

საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 31 დეკემბერს მიიღო ტექნიკური რეგლამენტი „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე  442-ე დადგენილება. ამ დადგენილებით ავტოსადგომით სარგებლობისათვის მძღოლები დღიურად 30 ლარს იხდიდნენ, მოგვიანებით კი დადგენილებაში ცვლილება შევიდა და საფასური 80 ლარი გახდა.

განახლება:

დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ მძღოლებს ავტოსადგომებით სარგებლობის თანხა აღარ გაეზრდებათ.

“სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ იყო მოლაპარაკება, სადაც თვითონ იყო ჩართული და აღარ გაძვირდება. მოთხოვნა, რომელიც იყო დაყენებული გაძვირებაზე და იყო დაკმაყოფილებული, უკან გაიწვიეს. ვინ, რატომ, როგორ ეს დეტალები აღარ ვიცი.

ოღონდ მხოლოდ სიტყვიერად ვიცით, რომ აღარ გაძვირდება. არანაირი საბუთი არ გვაქვს ჯერჯერობით. მე ჩემს ასოციაციას უკვე ვუთხარი, რაც სახმელეთო სააგენტოს ხელმძღვანელმა გვითხრა,” – უთხრა “ბათუმელებს”  სატრანსპორტო ასოციაცია „2020-ის“ ხელმძღვანელმა მირიან მახარაძემ.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო თემაზე ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს.

batumelebi.netgazeti.ge