ემზადება თუ არა დიდი ბრიტანეთიი ახალი სანქციების დასაწესებლად - სტივენ დაუთის მიერ გაკეთებულმაა განცხადების შემდეგ, არ არის გამორიცხული, რომ ლონდონი მხოლოდ პროპაგანდისტული არხების დასჯით არ შემოიფარგლება.
პოლიტიკის ექსპერტები ამბობენ, რომ “ოცნებას“ ფაქტობრივად არანაირი გზა აღარ რჩება, რომ სანქციებს გადაურჩნენ.
მათი თქმით, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანის პასუხი არის სიგნალი რომ გაერთიანებული სამეფო საქართველოში დაწესებული სანქციების აღსრულებას მკაცრად გააკონტროლებს და მათ შორის სანქციების გაგრძელებაზეც იმუშავებს.
"არსებობს დიდი ალბათობა იმის, რომ სანქციები გაგრძელდეს, გაძლიერდეს, ამ შემთხვევაში შესაძლებელია სანქციები უკვე შეეხოთ კონკრეტულ ფიზიკურ პირებს, ვგულოსხმობ, როგორც საკანონმდებლოა, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებას, ასევე სასამართლო ხელისუფლებას და პროკურატურას. ბუნებრივია, ისინი დაეყრდნობიან ამ შემთხვევაში კონკრეტულ დოკუმენტებს, მათ შორის ვთქვათ ბიბისის გამოძებას," - ამბობს პოლიტიკის ექსპერტი.
პრემიერის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, გაერთიანებული სამეფოს მიერ TV იმედისა და POSTV-სთვის დაწესებული სანქციები "დებატების ჩაშლისკენ" იყო მიმართული. კობახიძის თქმით, ამას ადასტურებს "ადგილობრივი უცხოური აგენტების ერთიანი "მესიჯბოქსი" და მრავალრიცხოვანი განცხადებები, რომლითაც ისინი სანქციებს დებატებიდან თავის არიდების საფუძვლად აცხადებდნენ".
"დაახლოებით ერთი თვის წინ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა გამოაქვეყნა განცხადება სატელევიზიო სივრცეში საზოგადოებრივ-პოლიტიკური დებატების გახსნის შესახებ. განვმარტეთ, რომ ჯანსაღი დებატები იყო უპირობოდ აუცილებელი ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაციის შესამცირებლად და სიძულვილის დასამარცხებლად.
განცხადების გამოქვეყნებისას, გავიხსენეთ რამდენიმე წლის წინანდელი ფაქტი, როდესაც უცხოურმა აგენტურამ საზოგადოებრივ-პოლიტიკური დებატების სივრცე სრულიად შეგნებულად დაკეტა, რათა საზოგადოების გახლეჩისა და სიძულვილის გამძაფრებისთვის შეეწყო ხელი. ამისათვის მათ მთავარ ინსტრუმენტად ნიკა გვარამია გამოიყენეს, რომელმაც პირდაპირ ეთერში უბინძურესი ფორმით ადამიანების გინებითა და შეურაცხყოფით, ჯანსაღი დისკუსია შეუძლებელი გახადა.
მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ტელევიზიებში დებატების განახლებიდან ერთი თვეც არ არის გასული, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ დისკუსიის გახსნის შესახებ ჩვენი ინიციატივა აუცილებელი იყო და მან მნიშვნელოვან წარმატებას უკვე მიაღწია. ეს წარმატება ჩვენი გადმოსახედიდან სხვადასხვა ფორმით არის გამოხატული:
პირველი - გაჩნდა შესაძლებლობა, საზოგადოებამ მოისმინოს ჯანსაღი საგნობრივი პოლემიკა მისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც მანამდე მხოლოდ მონოლოგის რეჟიმში, აზრთა შეპირისპირების გარეშე იღებდა არასრულ ინფორმაციას;
მეორე - გაჩნდა სივრცე, სადაც აზრთა შეპირისპირება არა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების გახლეჩვისკენ, არამედ საერთო მიზნის გარშემო მათი გაერთიანებისკენ არის მიმართული;
მესამე - მართალია, სუბიექტური ვართ, მაგრამ, ვფიქრობთ, მაინც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღემდე გამართულმა დებატებმა მკაფიოდ წარმოაჩინა მმართველი გუნდის აშკარა უპირატესობა ოპონენტების მიმართ როგორც კომპეტენციის, ისე კეთილსინდისიერების თვალსაზრისით.
ბუნებრივია, ამ შედეგით შეშფოთდნენ ადგილობრივი უცხოური აგენტურა და მათი უცხოელი პატრონები. მათ შფოთვას ისიც ადასტურებს, რომ რადიკალების უდიდესი უმრავლესობა დებატებს ისტერიულად არიდებს თავს. ამ ფონზე, რა გასაკვირია, რომ ისინი კიდევ ერთხელ შეეცდებოდნენ იმ პროცესის ხელოვნურად შეჩერებას, რომელმაც, საბოლოოდ, საზოგადოება მეტ კონსოლიდაციამდე და უკეთეს ინფორმირებამდე უნდა მიიყვანოს.
ბრიტანული სანქციები ორი წამყვანი ქართული მაუწყებლის წინააღმდეგ ამ კონტექსტშიც უნდა განვიხილოთ. ბრიტანული სანქციები რომ დებატების ჩაშლისკენ იყო მიმართული, ამას უტყუარად მოწმობს ადგილობრივი უცხოური აგენტების ერთიანი "მესიჯბოქსი" და მრავალრიცხოვანი განცხადებები, რომლითაც ისინი სანქციებს დებატებიდან თავის არიდების საფუძვლად აცხადებდნენ.
გამოდის, რომ 2007 და 2020 წლებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში, მედიის თავისუფლების ხელმყოფისა და დებატების ჩამშლელის როლი არა ნიკა გვარამიამ, არამედ უშუალოდ ბრიტანულმა ბიუროკრატიამ იკისრა, რომელიც, თავისი არსითა და შინაარსით, ნიკა გვარამიას, ანუ მორალისა და ფასეულობებისგან სრულიად დაცლილი ერთი რიგითი უცხოელი აგენტის დონემდეა დასული.
თუმცა, 2007 და 2020 წლებისგან დღევანდელი ვითარება იმით განსხვავდება, რომ დღეს ქართული საზოგადოებაც და ქართული სახელმწიფოც ბევრად უფრო ძლიერია და საქართველოში მედიის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის ხელყოფის შესაძლებლობას არავის მისცემს. შესაბამისად, საზოგადოებას მომავალშიც ექნება სრული შესაძლებლობა, მოისმინოს განსხვავებული მოსაზრებები სხვადასხვა საკითხის შესახებ და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები საკუთარი ქვეყნის ბედთან დაკავშირებით" - წერს ირაკლი კობახიძე.
24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ პროპაგანდისტული სამთავრობო მედიები, TV იმედი და POSTV "რუსული დეზინფორმაციის გავრცელების" გამო სანქცირებულ ერთეულთა სიაში შეიყვანა, რის ფარგლებშიც მათ სამი კატეგორიის სანქციები შეეხოთ: აქტივების გაყინვა, სატრასტო მომსახურების სანქციები და დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქცია.
სანქცირებიდან მეორე დღეს, 25 თებერვალს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "ბუნებრივია, ყველა სახელმწიფო და არასახელმწიფო კომპანიამ TV იმედთან და POSTV-სთან თანამშრომლობა უნდა გააგრძელოს. თქვენ იმის იმედი ნუ გაქვთ, რომ საქართველოში მედიისა და მეწარმეობის თავისუფლების ძირითადი უფლება შეილახება".
27 თებერვლის დილით TV იმედმა განცხადება გაავრცელა - მათი მტკიცებით, "არანაირი, მათ შორის, არც ფინანსური პრობლემა" არ ექნებათ. სანქცირებული ტელევიზია ირწმუნება, რომ "რამდენიმე ბანკი" მზადაა, მათ საბანკო მომსახურება გაუწიოს, თუმცა, TV იმედის ცნობით, "ტელეკომპანიის ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით, უმოკლეს ვადაში, სულ რამდენიმე თვეში", შექმნიან საკუთარ ბანკს - "იმედის ბანკი“.