რატომ მცირდება საქართველოს დერეფანში სატვირთო ავტომობილების რიცხვი - „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელის პაატა ცაგარეიშვილის განმარტებით, მიზეზი რთული საბაჟო პროცედურები და მწირი ინფრასტრუქტურაა, რაც ყველა საბაჟო პუნქტს ეხება.

როგორც ცაგარეიშვილი განმარტავს, კლების ტენდენცია გაგრძელდა იანვარშიც, რაც გარდა სისტემური მიზეზებისა, სეზონური ფაქტორებითაცაა გამოწვეული.

„იანვარში პირდაპირ ჩავარდნა იყო - დერეფანში 31-32 ათასამდე ტრაილერმა გაიარა. ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია, რადგან, საშუალოდ 45-50 ათასი მოძრაობს. ერთ-ერთი მიზეზი ვფიქრობ, ზამთრის პერიოდია - საერთოდ იანვარ-თებერვალში ეს შემცირება არსებობს, რადგან, ეს თვეები დაკონტრაქტების პერიოდია“ - განმარტავს პაატა ცაგარეიშვილი.

თუმცა, მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რაც სისტემურ კლებას იწვევს, ინფრასტრუქტურული და საბაჟო ბარიერებია.

„მძღოლები ამაზე ყოველთვის ამახვილებენ ყურადღებას - პრაქტიკულად, ზემო ლარსის გასასვლელი თავისი ინფრასტრუქტურული მდგენელით ერთ-ერთი ურთულესია. გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის მხარემ კარდინალური ნაბიჯები გადადგა და 8 გამშვები პუნქტი დაამატა სატვირთოებისთვის, საქართველოს მხარეს მხოლოდ ორი გამშვები პუნქტი ფუნქციონირებს. ამიტომ გარკვეულწილად, წონასწორობის მომენტია დასამყარებელი და გამტარუნარიანობის გათანაბრებაა საჭირო.

ხშირ შემთხვევაში, ეს ორკვირიანი, სამკვირიანი დაყოვნებები ფინანსურ ეკვივალენტში გადამზიდავ კომპანიებს აზარალებს და ისინიც ცდილობენ სხვა მიმართულებები შეარჩიონ. შესაძლებელია მოგვეჩვენოს, რომ დაყოვნება რიგითი მოვლენაა, მაგრამ მას ფინანსური ეკვივალენტი გააჩნია და შესაბამისად ეს დანაკარგი გადამზიდავის გადაწყვეტილებაზე აისახება“ - ამბობს პაატა ცაგარეიშვილი.

მისივე განმარტებით, შემცირებული საბაჟო გამშვები პუნქტების პრობლემა საქართველოს ყველა საბაჟოს ეხება, რაც სხვა ქვეყნების გადამზიდავებსაც ურთულებს საქმიანობას.

„მაგალითად, თურქეთიდან და სომხეთიდან წამოსული ტვირთნაკადები უკვე სხვა მიმართულებით იწყებს მოძრაობას. ძირითადად საუბარია თურქულ გადამზიდავებზე, ისინი ირჩევენ სხვა მიმართულებებს, არც ის არის გამორიცხული, რომ ჯერ, აზერბაიჯანის და შემდეგ კი, რუსეთის მიმართულებით გადავიდნენ და ეს ყველაფერი ჩვენს დერეფანზე ნეგატიურად აისახება. ანუ პირველი და უმთავრესი პრობლემა არის რთული საბაჟო პროცედურები, მწირი ინფრასტრუქტურა. ეს კი, არამხოლოდ ლარსის გამშვებ პუნქტს, არამედ, ყველა იმ საბაჟო პუნქტს შეეხება, რაც საქართველოს პერიმეტრზეა განლაგებული“, - ამბობს ცაგარეიშვილი.

2026 წლის იანვარში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გზათსარგებლობის გადასახადიდან 10,976,357 ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19%-ით, ანუ 2.6 მილიონი ლარით ნაკლებია.

ამასთან, ყოველწლიურად ჯამში ტრაილერების გატარებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი მესამე წელია მცირდება.

გზათსარგებლობის გადასახადი წლების მიხედვით

  • 2022 წელი - 128 მლნ ლარი
  • 2023 წელი - 181.9 მლნ ლარი
  • 2024 წელი - 179.4 მლნ ლარი
  • 2025 წელი - 171.2 მლნ ლარი

წყარო: სახელმწიფო ხაზინა,  bm.ge