ირანში განვითარებულმა სამხედრო და პოლიტიკურმა მოვლენებმა, მათ შორის აშშ-ისა და ისრაელის იერიშებმა და ქვეყნის უზენაესი ლიდერის დაღუპვამ, რეგიონში ახალი გეოპოლიტიკური რეალობა შექმნა. პროცესებს უკვე ეხმიანებიან ქართველი პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები, რომლებიც შეფასებებს „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკურ არჩევანზეც აკეთებენ.

"ლელოს" ლიდერი გრიგოლ გეგელია მიიჩნევს, რომ ირანში მიმდინარე პროცესები „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებული გეოპოლიტიკური არჩევანის შეცდომაზე მიუთითებს და ივანიშვილის ხელისუფლება ამ გადაწყვეტილების მძიმე შედეგების წინაშე აღმოჩნდება. 

"ეს დღეები არის ძალიან კარგი დასტური იმისა, რომ "ქართული ოცნების" რეჟიმმა გააკეთა არასწორი ღირებულებითი და არასწორი პრაგმატული არჩევანი, როდესაც ასე აფელირდა ირანის რეჟიმთან, რომელიც დღეს, ვხედავთ, რომ არის საერთაშორისო თანამეგობრობის ძძალიან დიდი წნეხის და თავდასხმის, იერიშის საგანი. მე ვფიქრობ, რომ ქოცებმა ფატალური შეცდომა დაუშვეს, როდესაც პოლიტიკური დასავლეთის ჩანაცვლება სცადეს ამ ტიპის აქტორებით, როგორიც არის ირანი, როგორიც არის აშხაბადის  დიქტატორები და მე ვფიქრობ, რომ ისინი ძალიან მძიმე ფასს გადაიხდიან ქვეყნის შიგნითაც და საერთაშორისო ასპარეზზეც ამ გეოპოლიტიკური არჩევანის გამო," - ამბობს გრიგოლ გეგელია. 

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას შეფასებით კი, ირანში შესაძლო რეჟიმის ცვლილება მთლიან რეგიონზე აისახება და რუსეთისთვის კიდევ ერთი სტრატეგიული მოკავშირის დაკარგვას ნიშნავს, რაც სამხრეთ კავკასიაზეც მოახდენს გავლენას.

"ვიცით, რომ რეჟიმის ცვლილებას ექნება უდიდესი გავლენა მთლიანად რეგიონზე და მათ შორის რუსეთს კიდევ ერთი მოკავშირე გამოაკლდება განსაკუთრებით რეგიონში, რომელთან ერთადაც მას სამს პლიუს სამის ფორმატის შექმნა სურდა და მათ შორის, ავტორიტარული კარის შექმნა რეგიონში. შესაბამისად, მაშინ, როდესაც ყველა მეზობელი უშიშროების საბჭოს სხდომას მართავს, რუსეთის ჩათვლით და მაშნ, როდესაც კონსულტაციები მიმდინარებს სავარუდო სცენარებსა და პოლიტიკურ ნაბიჯებზე, ერთადერთია საქართველო, რომელიც ღიად გამოხატავდა ირანის რეჟიმის მხარდაჭერას ამერიკის საწინააღმდეგოდ," - ამბობს თეონა აქუბარდია. 

კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია ყურადღებას ამახვილებს "ოცნების" ხელისუფლების პოზიციაზე და აცხადებს, რომ ოფიციალური თბილისის მხრიდან მკაფიო განცხადებების არარსებობა კითხვებს აჩენს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა რეგიონში მიმდინარე პროცესებთან გეოგრაფიულად ახლოს მდებარეობს. 

"ჯერ განცხადებაც არ გაკეთებულა იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება. შეგახსენებთ, რომ ირანი ყურის ძირშია. ჩვენ, მართალია, სახმელეთო საზღვარი არ გვაქვს, მაგრამ ვართ ძალიან, ძალიან ახლოს, ამიტომ გაუგებარია, საერთოდ, რა ხდება. ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოა. ჩვენ გვახსოვს "ქართული ოცნების" მხრიდან რამდენიმე კვირის წინ ანთებული ანძა ირანის ისლამური რესპუბლიკის დროშის ფერებში, ჩვენ გვახსოვს კობახიძის ვიზიტები და ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი გასაკვირი არ არის, მაგრამ ამას ოჰყვება შედეგები", - ამბობს ნიკა გვარამია.  

ირანში ვითარება მკვეთრად გამწვავდა მას შემდეგ, რაც აშშ-მ და ისრაელმა ქვეყნის სამხედრო და პოლიტიკურ სამიზნეებზე მასშტაბური იერიშები განახორციელეს. დარტყმების შედეგად, ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და რამდენიმე მაღალი რანგის სამხედრო და პოლიტიკური ფიგურა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა თეირანზე დარტყმების ახალი ტალღაც დაადასტურეს, აცხადებენ, რომ ოპერაცია მიმართულია ირანის სარაკეტო და სამხედრო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. ირანში აცხადებენ, რომ იერიშებს მშვიდობიანი მოსახლეობაც ემსხვერპლა.

ხამენეის სიკვდილის შემდეგ ქვეყანაში გარდამავალი მმართველობა ამოქმედდა, ხოლო ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა აშშ-ისა და ისრაელის წინააღმდეგ მკაცრი საპასუხო ქმედებები დააანონსა.

რეგიონში უსაფრთხოების ვითარება უკიდურესად დაძაბულია.

tvpirveli.ge