ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ISNA-ს მიხედვით, 1-ელ მარტს მცველთა საბჭოს წევრი აიათოლა ალირეზა არაფი ირანის ლიდერების დროებითი საბჭოს იურისტ წევრად აირჩიეს.

აღსანიშნავია, რომ ალირეზა არაფი წარსულში თავმჯდომარეობდა აშშ-ს მიერ სანქცირებულ ალ-მუსტაფას უნივერსიტეტს, რომელსაც ათწლეულზე მეტია, რაც საქართველოში ფილიალი აქვს გახსნილი.

აიათოლა არაფის გარდა დროებით საბჭოს კიდევ ორი წევრი ეყოლება - პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი და სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი, ღოლამჰოსეინ მოჰსენი ეჯეი - ხოლო ამ ორგანოს მიზანი ქვეყნის უზენაესი ლიდერის პასუხისმგებლობების გადაბარება იქნება მანამ, სანამ ექსპერტთა ასამბლეა ირანის ახალ ლიდერს არ აირჩევს.

ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი 28 თებერვალს ისრაელის საჰაერო იერიშს ემსხვერპლა. IDF-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ "ხამენეის წინააღმდეგ ისრაელის საჰაერო ძალებმა განახორციელა ზუსტი, მასშტაბური ოპერაცია, როცა ის თეირანის გულში, ცენტრალური ხელმძღვანელობის კომპლექსში, იმყოფებოდა, სადაც მას თან ახლდა დამატებით რამდენიმე გავლენიანი მაღალჩინოსანიც."

ისრაელურ მედიაში ხამენეის მოკვლის შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ ინფორმაცია თავდაპირველად დაადასტურა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელმაც ხამენეი "ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ბოროტ ადამიანად" დაახასიათა.

ვინ არის აიათოლა ალირეზა არაფი?

არაფი, რომელიც 1959 წელს იეზდის ოსტანის ქალაქ მეიბოდში დაიბადა, სასულიერო პირების ოჯახიდან მოდის და მას ირანის თეოლოგიურ და ბიუროკრატიულ ინსტიტუტებში ათწლეულები აქვს გატარებული.

აიათოლა ალი ხამენეის დიქტატურის დროს არაფის კარიერა სწრაფად წავიდა წინ მას შემდეგ, რაც უზენაესმა ლიდერმა ის წლების განმავლობაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობებზე დანიშნა.

არაფი ასევე იყო ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის თავმჯდომარე. აღნიშნული დაწესებულება მთავარ როლს ასრულებს ირანიდან და უცხოეთიდან სასულიერო პირების მომზადებაში. 2019 წელს არაფი დანიშნეს მცველთა საბჭოს წევრად. ეს კონსტიტუციური ორგანო კანონმდებლობისა და კანდიდატების შემოწმებით არის დაკავებული. 

როგორ ხდება ახალი უზენაესი ლიდერის არჩევა?

ირანის კონსტიტუციის მიხედვით, უზენაესი ლიდერი შიიტი სასულიერო პირი უნდა იყოს, რომელსაც რელიგიური სწავლულებისგან შემდგარი არჩეული ორგანო, ექსპერტთა ასამბლეა აირჩევს.

პირველ ეტაპზე თეირანში ჯერ ლიდერების დროებითი საბჭო ყალიბდება და ხელისუფლების ფუნქციების შესრულებაზე პასუხისმგებლობა მას ეკისრება მანამ, სანამ ასამბლეა ახალ უზენაეს ლიდერს არ აირჩევს. 

რა კავშირები აქვს აიათოლა არაფს საქართველოსთან?

ალ-მუსტაფას უნივერსიტეტს, რომლის თავმჯდომარეც არაფი 2008-2018 წლებში იყო, საქართველოში ფილიალი აქვს გახსნილი და ყოველწლიურად ქვეყნის სამ ქალაქში ახალგაზრდებს შიიტურ ისლამს, სპარსულ ენასა და ყურანს ასწავლის.

ირანულ უნივერსიტეტი, რომელიც 2020 წლიდან "ჯაშუშური საქმიანობისა და ექსტრემიზმის პროპაგანდისთვის" აშშ-ს მიერ არის სანქცირებული, არ ფლობს განათლების სამინისტროს აკრედიტაციას, თუმცა, ამის მიუხედავად დაწესებულება თანამშრომლობს ქართველ სასულიერო ლიდერებთან და ქართული ოცნების მთავრობის წარმომადგენლებთანაც.

ირანული სკოლების გახსნასთან ერთად, ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის მისია "ცივილიზაციათა შორის დიალოგის ისლამური ცენტრების გახსნასაც" მოიცავს.

რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი სერგო ვარდოსანიძე იხსენებს, რომ "ცივილიზაციათა დიალოგის" ხედვის "ერთგვარი გაგრძელების" მცდელობა ირანს ჯერ კიდევ 2013 წელს ჰქონდა, როცა საქართველოს საპატრიარქოს ყუმიდან ჩამოსული ირანელი პროფესორებისა და სასულიერო პირების დელეგაცია ესტუმრა.

ვარდოსანიძის თქმით, ამ შეხვედრაზე დაინახეს, რომ ირანის დელეგაციას "სხვა მიზნები ჰქონდა," რის გამოც მხარეებს შორის "თანამშრომლობა არ შედგა."

თუმცა, რადიო თავისუფლების ცნობით, "ცივილიზაციათა დიალოგის" ინიციატივის გაგრძელების სახით 2013 წელს გამოიცა ჟურნალ "სამეცნიერო აზრის" რამდენიმე ნომერი, რომლის სარედაქციო კოლეგიის შემადგენლობაც ალ-მუსტაფას უნივერსიტეტებისა და ქართული უნივერსიტეტების, მათ შორის, საპატრიარქოს უნივერსიტეტების პროფესორებით იყო დაკომპლექტებული.

როგორც საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული "სამეცნიერო აზრის" ერთ-ერთი ნომრიდან ირკვევა, ჟურნალის მთავარი რედაქტორი მოჰამადრეზა ქალან ფარიბაია. სარედაქციო კოლეგიის აღწერის ნაწილში კი ასევე ვკითხულობთ, რომ "ჟურნალი პროფესორი ალირეზა არაფის მზრუნველობით იბეჭდება."

იმავე ალირეზა არაფის, რომელიც ხამენეის მოკვლის შემდეგ ირანში ლიდერების დროებითი საბჭოს იურისტ წევრად აირჩიეს.

tabula.ge