ინფორმირებულმა წყარომ ტაბულას მიაწოდა ინფორმაცია, რომ დაბადების დღის აღსანიშნად წასული კახა კალაძე ცოლთან და თანმხლებ პირებთან ერთად, დუბაიში "ჩარჩა", რადგან აშშ-ისრაელის თავდასხმაზე ირანის საპასუხო იერიშების გამო, ავიარეისები გაუქმდა.
ინფორმაციის გადასამოწმებლად თბილისის მერიის პრესსამსახურს მივმართეთ, სადაც გვითხრეს, რომ არასამუშაო დღეებია და არ იციან, სადაა თბილისის მერი.
აღსანიშნავია, რომ 28 თებერვალს თბილისში უხვმა ნალექმა სხვადასხვა დაზიანება გამოიწვია, რაზეც კახა კალაძეს არც განცხადება და არც კომენტარი არ გაუკეთებია. მერიაში გვითხრეს, რომ აბონენტების ელექტროენერგიით და წყალმომარაგებით უზრუნველყოფის საკითხი მერიას არ ეხება, ეს იმ ფონზე, როცა წინა დღეს განცხადება თავად გამოაქვეყნეს. ისინი წერდნენ, რომ “დაზიანებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა, წაქცეულია ელექტროგადამცემი ანძები რამდენიმე ლოკაციაზე”.
კითხვაზე, იმყოფება თუ არა კალაძე დუბაიში, გვიპასუხეს, რომ არ იციან, რადგან არასამუშაო დღეებია და თანამშრომლებს “უშუალო შეხება” არ აქვთ, თუმცა, “მერი კონტაქტზეა”.
ტაბულას წყაროს ინფორმაციით, კალაძესთან და მის ცოლთან, ანუკი არეშიძესთან ერთად დუბაიში იმყოფება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი. ასევე, ფეხბურთელი კობა ამისულაშვილი და მისი ცოლი - ნინი ზარქუა. აღსანიშნავია, რომ ზარქუამ Instagram-ის სთორიზე მხოლოდ ამისულაშვილის ფოტო და ვიდეო გამოაქვეყნა.