1 მარტი ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ფასი 10%-ით გაიზარდა და დაახლოებით 80 დოლარს მიაღწია, განაცხადეს ნავთობით მოვაჭრე კომპანიებმა.


ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ფასები შესაძლოა 100 დოლარამდეც კი გაიზარდოს მას შემდეგ, რაც აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმების შემდეგ ახლო აღმოსავლეთში ახალი ომი დაიწყო.

გადაზიდვების მონაცემების თანახმად, ენერგომომარაგების შეფერხების ნიშნად, აშშ-სა და ისრაელის დარტყმების შემდეგ, სულ მცირე 150 ტანკერმა, მათ შორის ნედლი ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის გადამზიდავმა გემებმა, ღუზა ჩაუშვეს ჰორმუზის სრუტის მიღმა, სპარსეთის ყურის ღია წყლებში, ხოლო ათობით სხვა ტანკერი საზღვრის გადაკვეთის ზოლის მეორე მხარეს იმყოფებოდა.


„მიუხედავად იმისა, რომ საომარი მოქმედება თავისთავად ხელს უწყობს ნავთობის ფასებს, აქ მთავარი ფაქტორი ჰორმუზის სრუტის დახურვაა“, - თქვა „დამოუკიდებელი სასაქონლო დაზვერვის სამსახურების“ (ICIS ენერგეტიკისა და გადამუშავების დირექტორმა აჯაი პარმარმა.

სავაჭრო წყაროების ცნობით, ტანკერების მფლობელების, ნავთობის მსხვილი კომპანიებისა და სავაჭრო კომპანიების უმეტესობამ შეაჩერა ნედლი ნავთობის, საწვავის და თხევადი ბუნებრივი აირის გადაზიდვები ჰორმუზის სრუტის გავლით, მას შემდეგ, რაც თეირანმა სრუტე ოფიციალურად გადაკეტა და გემები გააფრთხილა ამ საზღვაო გზით გადაადგილების შესახებ. გლობალური ნავთობის 20%-ზე მეტი გადაადგილდება ჰორმუზის ვიწყო სრუტის გავლით, რომელზე კონტროლი ირანს აქვს. გემების მისი გავლისას ირანის და ომანის ტერიტორიულ წყლებში შედიან, თუმცა ისინი „სატრანზიტო გავლის“ უფლებით სარგებლობენ.

„ჩვენ ველით, რომ ფასები (შაბათ-კვირის შემდეგ) ბარელზე 100 დოლარს მიაღწევს და შესაძლოა ამ დონეს გადააჭარბოს, თუ სრუტე ხანგრძლივად იქნა გადაკეტილი, დავინახავთ“, - თქვა პარმარმა.

1 მარტს ნავთობის მწარმოებელთა ასოციაცია, OPEC+ შეთანხმდა, რომ აპრილიდან დღეში წარმოება 206 ათასი ბარელით (bpd) გაეზარდათ, რაც მოკრძალებული ზრდაა და გლობალური მოთხოვნის 0.2%-ზე ნაკლებს წარმოადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით შესაძლებელია ალტერნატიული ინფრასტრუქტურის გამოყენება, მის დაკეტვას გავლენა ექნება ნედლი ნავთობის მიწოდებაზე, ანუ დღეში ის 8-დან 10 მილიონი ბარელით შემცირდება მაშინაც კი, თუ ზოგიერთი ნაკადი საუდის არაბეთის აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენის და აბუ დაბის მილსადენის გავლით გადაიქაჩება, განაცხადა ენერგეტიკის კვლევის ცენტრის, Rystad-ის ეკონომისტმა ხორხე ლეონმა.

Rystad-ი ვარაუდობს, რომ ფასები ვაჭრობის დაწყების შემდეგ ბარელზე 20 დოლარით გაიზრდება და დაახლოებით 92 დოლარს მიაღწევს.

ირანის კრიზისმა ასევე აიძულა აზიის ქვეყნების მთავრობები და
ნავთობგადამამუშავებელი კომპანიები შეეფასებინათ ნავთობის მარაგი და მოეძებნათ ალტერნატიული გადაზიდვის მარშრუტები. კვირას გამართულ ვებინარზე გლობალური ვაჭრობის კვლევის ცენტრის, Kpler-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ინდოეთი შესაძლოა რუსულ ნავთობზე გადაერთოს, რათა ახლო აღმოსავლეთში მიწოდების პოტენციური დანაკარგის კომპენსირება მოახდინოს.