საქართველოს პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს ტელეფონით ესაუბრა.

როგორც ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ძლიერი და მზარდი პარტნიორობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან.

“რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, ტელეფონით ვესაუბრე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს. გამოვხატე გულწრფელი სოლიდარობა და იმედი გამოვთქვი, რომ ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდება. ასევე აღვნიშნე, რომ ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრობას და კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი ძლიერი და მზარდი პარტნიორობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან”, - აღნიშნავს პრემიერი.

ახლო აღმოსავლეთში მიმდიანრე პროცესებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა განცხადება.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებით აკვირდება ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ ხაზს ვუსვამთ დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას დეესკალაციის მიღწევისა და რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

ჩვენ ვურჩევთ საქართველოს მოქალაქეებს, დაიცვან ოფიციალური რეკომენდაციები და მიიღონ ყველა საჭირო ზომა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩვენი საელჩოები რეგიონში სრულად ფუნქციონირებენ და მზად არიან საჭიროების შემთხვევაში დახმარება გაუწიონ საქართველოს მოქალაქეებს." - წერია საგარეო უწყების განცხადებაში.