რაც უფრო მეტად ინერგება ხელოვნური ინტელექტი ორგანიზაციებში, მით უფრო ეზრდებათ ხელმძღვანელებს წნეხი, აჩვენონ რეალური შედეგები და გაუმკლავდნენ მასშტაბურ ცვლილებებს. მიუხედავად მზარდი ინვესტიციებისა, ბევრ ორგანიზაციას უჭირს ექსპერიმენტების რეალურ, მასშტაბურ ღირებულებად ქცევა. 2026 წელს AI-სა და მონაცემთა მართვის გლობალური ლიდერების გამოკითხვისას 93%-მა დანერგვის მთავარ ბარიერად ადამიანური ფაქტორი დაასახელა. თუმცა, ლიდერები ტექნოლოგიის პოტენციალში კვლავ დარწმუნებულნი არიან.

სად ჩნდება დაძაბულობა?

ბევრი ხელმძღვანელი AI-ის დანერგვას წარსულის მასშტაბურ ცვლილებებს ადარებს და აღნიშნავს, რომ წინა რეორგანიზაციებისგან ან ახალი სისტემების დანერგვისგან განსხვავებით, ხელოვნურ ინტელექტს მოაქვს რღვევა, რომელსაც მკაფიო დასასრული არ უჩანს.

მუდმივად იცვლება მიზანიც. ის, რაც ექვსი თვის წინ სწორ მიმართულებად მიაჩნდათ, დღეს უკვე მოძველებულია. ეს პროცესი ართულებს სანდოობის შენარჩუნებას, რადგან ხშირი ცვლილებები, თუნდაც გამართლებული, გუნდში დაბნეულობას იწვევს.

ბევრი ორგანიზაციისთვის AI სწორედ მაშინ გამოჩნდა, როცა ისინი უკვე წლებია, სხვადასხვა ტრანსფორმაციის პროცესში არიან. ამდენმა ცვლილებამ ადამიანები გადაღალა. მაშინაც კი, როცა სიახლის საჭიროება აშკარაა, თანამშრომლები მას ემოციური მდგომარეობისა და კარიერული ეტაპის მიხედვით განსხვავებულად იღებენ. ამიტომ, ზედმეტმა ზეწოლამ და სიჩქარემ შესაძლოა, უკუშედეგი გამოიღოს.

ლიდერები აღნიშნავენ, რომ აუდიტორიის მიხედვით სრულიად განსხვავებული მოლოდინების მართვა უწევთ. აქციონერებისთვის ყველაფერი, უბრალოდ, AI-ია და მთავარი კითხვაა – „რას აკეთებთ ამ მიმართულებით?“, თუმცა დეტალები ნაკლებად აინტერესებთ. ხშირად ისმის მოწოდება, რომ თუ სადმე AI ურევია, სასწრაფოდ უნდა დანერგონ, რისკების გაანალიზების გარეშე. ყველაზე პოზიტიურად კი თანამშრომლები არიან განწყობილნი, როცა ზუსტად იციან, რაში დაეხმარებათ ტექნოლოგია.

ხელმძღვანელები ასევე საუბრობენ დირექტორთა საბჭოს მხრიდან მომდინარე წნეხზე – აჩვენონ სწრაფი შედეგები მაშინაც კი, როცა პრობლემა ბოლომდე არ არის გააზრებული. გლობალური რითეილ კომპანიის ტოპ-მენეჯერის აზრით, მთავარი პრობლემა წინააღმდეგობა კი არა, ლიდერების „ინფორმაციის მიღმა აღმოჩენის შიშია“ (FOMO), რის გამოც ყველა სიახლეს ითხოვს იქამდე, სანამ რეალურ საჭიროებას გაიგებს.

ეს დინამიკა პირდაპირ აისახება იმაზე, თუ როგორ ფასდება AI-ის ღირებულება კომპანიის შიგნით. ფინანსური სექტორის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ბევრ აპლიკაციას არ ექნება მყისიერი ფინანსური უკუგება. ინსტრუმენტი, რომელიც დღეში 10-30 წუთს ზოგავს, პოზიციას არ აუქმებს, მაგრამ დროთა განმავლობაში დიდ ეფექტს იძლევა. თუმცა, როცა ხელმძღვანელობა მხოლოდ მოკლევადიან ROI-ზეა ფოკუსირებული, თანამშრომლებს ეკარგებათ მოტივაცია, ახალი იდეები წამოაყენონ.

ამიტომ, ექსპერტები გვირჩევენ, რომ ინვესტიციის უკუგების განმარტება გაფართოვდეს და მოიცვას ისეთი სტრატეგიული ასპექტები, როგორიცაა დამსაქმებლის იმიჯი, ბრენდის სიძლიერე და ტალანტების შენარჩუნება. პრაქტიკაში კი ლიდერები ორმაგი წნეხის ქვეშ არიან: ერთი მხრივ, მოეთხოვებათ სისწრაფე, მეორე მხრივ – არ არსებობს წარმატების საყოველთაოდ აღიარებული კრიტერიუმები.

რას აკეთებენ ლიდერები სიტუაციის შესაცვლელად?

პრაქტიკაში ლიდერებმა გადაახალისეს კომუნიკაციის სტილი, თავად გახდნენ მაგალითის მიმცემნი და შექმნეს გარემო, სადაც პროგრესი გაურკვევლობის ფონზეც შესაძლებელია.

ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ნაბიჯი არატექნიკური დეპარტამენტებისთვის (HR, იურიდიული, ფინანსური) ინსტრუმენტებზე წვდომის მიცემა აღმოჩნდა. როცა ადამიანებს უშუალო შეხება აქვთ ტექნოლოგიასთან, ისინი თავად ხედავენ, რაში შეიძლება დაეხმაროთ ის, რაც ზრდის მათ ჩართულობას და ამცირებს რუტინულ საქმეს.

ამასთან, ხელმძღვანელებმა გააცნობიერეს, რომ გაურკვევლობის პირობებში აუცილებელია საკუთარი ქცევით ნორმების დადგენა. ერთ-ერთმა ლიდერმა თანამშრომლებს პირადად აჩვენა, როგორ გამოიყენა ChatGPT 100-გვერდიანი დოკუმენტის შესაჯამებლად.

როდესაც ლიდერები საჯაროდ ატარებენ ექსპერიმენტებს, აზიარებენ შეცდომებსა და შეზღუდვებს, AI-ის გამოყენება იქცევა არა ვალდებულებად, არამედ სწავლის პროცესად. მნიშვნელოვანია იმის აღიარებაც, რომ თავდაპირველი მცდელობები იდეალური არ იქნება.

ნდობის შენება გამჭვირვალობის გზით

როგორც ლიდერები აღნიშნავენ, ნდობა შენდება გამჭვირვალობით – როცა ღიად საუბრობ იმაზე, რა არის ცნობილი, რა რჩება გაურკვეველი და როგორ შეიცვლება გადაწყვეტილებები ახალი მონაცემების გამოჩენისთანავე. ნაცვლად იმისა, რომ მოჩვენებითი თავდაჯერებულობა გამოასხივონ, ისინი აქცენტს თანმიმდევრულობაზე აკეთებენ, ხსნიან კომპრომისებს, აიდენტიფიცირებენ რისკებს და აჩვენებენ, როგორ განსაზღვრავს მიღებული გამოცდილება მომავალ ნაბიჯებს.

წყარო: HBR;  www.marketer.ge