სადავო საწყლოსნო გზაზე გემების მოძრაობის განახლების ფონზე, ჰორმუზის სრუტე ფრანგულმა საკონტეინერო გემმა, ომანთან დაკავშირებულმა სამმა ტანკერმა და იაპონიის მფლობელობაში მყოფმა გაზმზიდმა გადაკვეთეს.

პარასკევს საზღვაო ტრაფიკის ვებგვერდის (Marine Traffic) მონაცემებით გაირკვა, რომ საფრანგეთის საზღვაო გიგანტის, CMA CGM-ის კუთვნილი საკონტეინერო გემი პირველი დასავლური ხომალდია, რომელმაც სრუტეში გაიარა მას შემდეგ, რაც ირანმა ის ფაქტობრივად ჩაკეტა.

მალტის დროშის ქვეშ მცურავმა CMA CGM-ის კუთვნილმა Kribi-მ სრუტე 2 აპრილს გადაკვეთა. ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოიპოვა უსაფრთხო გავლის გარანტია გემმა, რომელიც, მონაცემების მიხედვით, ომანის სანაპიროს გასწვრივ, სამხრეთისკენ მიცურავს. CMA CGM-ს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.

თუმცა, LSEG-ის საზღვაო მონაცემები აჩვენებს, რომ ირანის ტერიტორიული წყლების გადაკვეთამდე, ხუთშაბათს გემმა დანიშნულების ადგილად Owner France (მფლობელი საფრანგეთი) მიუთითა, რითაც ირანის ხელისუფლებას მფლობელის ეროვნების შესახებ ანიშნა. როგორც ჩანს, გადაკვეთისას გემებმა AIS ტრანსპონდერები გამორთეს, რადგან მათი სიგნალი გემების თვალთვალის სისტემებიდან გაქრა.

MarineTraffic-ისა და LSEG-ის მონაცემებით, ხუთშაბათს ყურე ასევე დატოვა ომანის Shipping Management-ის მიერ ოპერირებულმა ნედლი ნავთობის ორმა უზარმაზარმა ტანკერმა და ერთმა LNG ტანკერმა.

პარასკევს იაპონურმა Mitsui OSK Lines-მა განაცხადა, რომ LNG ტანკერმა Sohar LNG-იმ, რომლის თანამფლობელიც თავადაა, სრუტე გადაკვეთა. 28 თებერვალს კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ეს იაპონიასთან დაკავშირებული პირველი გემი და პირველი LNG ტანკერია, რომელმაც ამის გაკეთება შეძლო.

მონაცემთა კომპანია Lloyd's List Intelligence-ის ცნობით, 1-ელი მარტიდან სრუტეში მხოლოდ 150-მდე გემმა (მათ შორის ტანკერებმა და საკონტეინერო გემებმა) გაიარა. მათი უმეტესობა ირანთან, ჩინეთთან, ინდოეთთან და პაკისტანთან იყო დაკავშირებული.

მანამ, სანამ ომი სრუტის ფაქტობრივ ბლოკირებას გამოიწვევდა, ეს მარშრუტი გლობალური ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის მარაგების დაახლოებით მეხუთედს ემსახურებოდა. შედეგად, საწვავის ფასებმა მთელ მსოფლიოში მკვეთრად მოიმატა.

ოთხშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ომის დასრულებისთანავე ბენზინის ფასები სწრაფად დაეცემა, თუმცა ჰორმუზის სრუტის გახსნის გადაწყვეტილება არ შეუთავაზებია. სანაცვლოდ, მან სკეპტიკურად განწყობილ მოკავშირეებს მოუწოდა, ეს თავად გაეკეთებინათ და აღნიშნა, რომ ომი ამად ღირდა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ სრუტის გასახსნელად სამხედრო ოპერაციის დაწყება არარეალურია და მხოლოდ დიპლომატიურ ძალისხმევას ექნება შედეგი. მაკრონი ევროპელ და სხვა მოკავშირეებთან ერთად მუშაობს კოალიციის შესაქმნელად, რათა საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ სრუტეში თავისუფალი მიმოსვლა უზრუნველყოს.

bm.ge