თქვენ უკვე იცით, რომ შესაბამის სამსახურებს ქუჩებიდან აჰყავთ მიუსაფარი ძაღლები და გადაჰყავთ ჯერ თავშესაფარში, ხოლო შემდეგ, თუ პატრონი არ გამოუჩნდება, მათ აძინებენ. ორიოდ დღის წინ, ზუგდიდიდან გავრცელებულ კადრებს (ძაღლები გალიაში), საზოგადოება მძაფრი რეაქციით შეხვდა. როგორც დაიწერა, 65 ძაღლი ქუთაისის ძაღლების თაშესაფარში გადაიყვანეს. ცხოველთა მოყვარულები ადგენენ პეტიციებს, ავრცელებენ ინსტრუქციებს, თუ როგორ უნდა გაუწიონ წინააღმდეგობა კანონს, რომელიც რამდენიმე თვის წინ მიიღეს. ცხოველთა მოყვარულები მიიჩნევენ, რომ ამგვარი არაჰუმანური მეთოდებით (გალიაში უამრავი ძაღლი ერთად) მიუსაფარი ცხოველებისგან ქუჩების გაწმენდა, ყოვლად მიუღებელი და სადისტურია.

სალომე კვარაცხელია ავრცელებს იმ გაიდლაინებს, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოთ:
1. აქტიურად ვაზიარებთ ყველა მომხდარ ამბავს
2. ვთაგავთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს და გარემოს დაცვის სამინისტროს და ვუსვამთ კითხვებს. კითხვების ვარიანტებს კომენტარებში დავწერ, მარტივად დასაკოპირებლად.
3. თუ სადმე დამჭერ ეკიპაჟს წავაწყდებით: ეგრევე ვრთავთ ლაივს ან ვიდეოს ვწერთ და ვსვამთ კითხვებს: რა ორგანიზაცია ხართ? რატომ იჭერთ არაჰუმანურად? იცით, რომ ეგ კანონსაწინააღმდეგოა? სად მიგყავთ? რატომ გადაგყავთ? რამდენი ხნით გადაგყავთ? ოქმს ადგენთ? თუ არ ადგენთ, იცით, რომ კანონს არღვევთ? ოქმს გადაუღეთ - თუ შეადგენენ.
და ბევრჯერ ჰკითხეთ:
სად დააბრუნებთ?
სად დააბრუნებთ?
სად დააბრუნებთ?
ეკიპაჟის ნომერი და ეკიპაჟის წევრები სახეზე დააფიქსირეთ აუცილებლად და სახელის და გვარი ჰკითხეთ - საჯარო სამსახურია, უნდა გითხრათ. თუ არ გეტყვიან, არ იჯიკაოთ, მთავარია, გადაიღოთ ეს ყველაფერი, რომ ფაქტები გვქონდეს.
4. იძახებთ პატრულს და ადგენინებთ დარღვევის ოქმს.
დარღვევის საფუძველია - კანონის არასათანადო აღსრულება ბინადარ ცხოველთა შესახებ მიიღეს 2 ივლისს 2025 წელს.
5. მასალას ავრცელებთ სოცმედიაში ყველგან
6. სარჩელს წერთ სესის სახელზე - ამის შაბლონს მალე გავამზადებთ და მარტივი იქნება მერე გაკეთება

„არა, მიუსაფარების გენოციდს! იყავი მიუსაფრების ხმა“ - ამ ლოზუნგით თბილისში, 4 აპრილს, მიუსაფარი ცხოველების დასაცავად აქცია გაიმართება.

როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აქცია მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან 15:00 საათზეა დაგეგმილი.

შეკრების მიზანი მიუსაფარი ცხოველების პრობლემაზე საზოგადოების ყურადღების გამახვილება და ჰუმანური მიდგომების მხარდაჭერაა.

„ვიკრიბებით მათთვის, ვისაც ხმა არ აქვს. ვიკრიბებით იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ მაინც გაიგონ - ჰუმანურობა არ არის სისუსტე. ჰუმანურობა საზოგადოების ღირსებაა. თუ შენც გტკივა ეს უსამართლობა - მოდი. თუ შენც გჯერა, რომ სუსტის დაცვა ადამიანის ვალია - მოდი“, - აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.