ომანის ოფიციალური მედიის ცნობით, დღეს ქვეყნის ერთ-ერთ პორტზე დრონებით იერიში მიიტანეს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თავდასხმა განხორციელდა ომანის სასულთნოზე მას შემდეგ, რაც თეირანმა სპარსეთის ყურეში საპასუხო დარტყმების სერია დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ომანი აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებში აქტიური მედიატორის როლს ასრულებს.

ომანის საინფორმაციო სააგენტოს (ONA) მიერ სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებული ინფორმაციით, სამიზნე დუკმის კომერციული პორტი გახდა.

„უსაფრთხოების სამსახურის წყაროს ინფორმაციით, დუკმის პორტზე იერიში ორმა დრონმა მიიტანა. ერთმა მათგანმა მუშების დროებით საცხოვრებელზე მოახდინა დარტყმა, რის შედეგადაც ერთი უცხოელი მუშა დაშავდა. მეორე დრონის ნამსხვრევები კი საწვავის ავზებთან ახლოს ჩამოვარდა, რასაც მსხვერპლი ან მატერიალური ზიანი არ მოჰყოლია“, - ნათქვამია განცხადებაში.

ფაქტამდე ცოტა ხნით ადრე, ომანში აშშ-ის საელჩომ თავის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს მოუწოდა, თავშესაფრებში დარჩენილიყვნენ. საელჩომ მიზეზად დედაქალაქ მასკატის გარეთ არსებული „აქტივობა“ დაასახელა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

„მასკატის გარეთ მიმდინარე აქტივობების გამო, აშშ-ის საელჩომ თანამშრომლებს თავშესაფრებში გადასვლა დაავალა. ვურჩევთ ყველა ამერიკელს ომანში, მოიქცნენ ანალოგიურად მომდევნო შეტყობინებამდე“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ომანი, რომელიც ტრადიციულად ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს და აშშ-ირანის ურთიერთობებში მთავარი შუამავალია, ამ დრომდე ირანის თავდასხმების სამიზნე არ გამხდარა. ჯერჯერობით გაურკვეველია, კონკრეტულად რა „აქტივობაზე“ საუბრობდა ამერიკული დიპლომატიური მისია დრონების იერიშამდე.

bm.ge