საქართველოში მყოფი უცხოელები ტაქსის მძღოლად, კურიერად ან ტურისტულ გიდად ვეღარ იმუშავებენ.

ირაკლი კობახიძემ „შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესი“ დაამტკიცა, რომელიც ძალაში პირველი მარტიდან შევა.

ახალი რეგულაციის მიხედვით, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელები შესაბამისი ნებართვის გარეშე ვეღარ დასაქმდებიან.

უცხოელმა, რომელსაც სურს საქართველოში დასაქმება, ჯერ უნდა მოიპოვოს მუდმივი ბინადრობის ნებართვა. ამის შემდეგ უნდა მოიპოვოს დასაქმების ნებართვა ადგილობრივი დამსაქმებლის მეშვეობით.

სქემა ასეთია – უცხოელი დასაქმების მსურველი ჯერ მიმართავს იმ ადგილობრივ კომპანიას, სადაც სურს მუშაობის დაწყება.

ადგილობრივი კომპანია სანამ უცხოელს სამსახურში აიყვანს ვალდებულია არსებული ვაკანსია განათავსოს საიტზე www.worknet.moh.gov.ge. 23 თებერვლის მონაცემებით, ეს საიტი არ მუშაობს.

დასაქმების სააგენტო თუკი 10 სამუშაო დღის განმავლობაში, ვერ უზრუნველყოფს ვაკანსიის მოთხოვნების შესაბამისი კანდიდატურ(ებ)ის მოძიებას და დამსაქმებლისადმი მიწოდებას, დამსაქმებელს მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია მიმართოს დასაქმების სააგენტოს უცხოელის დასაქმების ნებართვის მისაღებად.

ხოლო თუ უცხოელი თვითდასაქმებულია, მას შეუძლია პირადად მიმართოს დასაქმების სააგენტოს. თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლება გაიცემა კონკრეტულ საქმიანობაზე ან/და საქმიანობის კონკრეტულ სფეროზე.

განაცხადთან ერთად დამსაქმებელი დასაქმების სააგენტოში წარადგენს სამუშაო ნებართვის გაცემის მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარს.

30 დღეში სამუშაო ნებართვის მიღება 200 ლარი ღირს, ხოლო მეათე სამუშაო დღეს – 400 ლარი.

შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელება, განცხადებისა და სავალდებულო დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემდეგ, 30 დღის განმავლობაში, ასევე 200 ლარი ღირს.

შრომით იმიგრანტზე სამუშაო ნებართვის გაცემის მომსახურების საფასურს იხდის ადგილობრივი დამსაქმებელი, ხოლო თვითდასაქმებულ უცხოელზე სამუშაო ნებართვის  გაცემის მომსახურების საფასურს იხდის უშუალოდ დასაქმების მსურველი.

საქართველოში სამუშაოს მაძიებელ უცხოელს თუ უარი ეთქვა სამუშაო ნებართვაზე, უფლება აქვს უარიდან 1 თვის შემდეგ ისევ შეიტანოს განაცხადი ნებართვის მისაღებად.

შრომითი საქმიანობის ნებართვა გაიცემა 1 წლის ვადით.

ამავე განკარგულებით დადგინდა იმ პროფესიებისა და შრომითი/სამეწარმეო საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებზეც დაწესებულია წლიური კვოტები.

საკურიერო მომსახურების, მგზავრთა გადაყვანის და ტურისტული გიდების სერვისის გასწვრივ, წლიურ კვოტაში წერია 0, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სფეროებში უცხოელებს დასაქმება ამ ეტაპზე არ შეეძლებათ.

ხოლო ტურისტებისთვის სამთო, ალპური და სათხილამურო გამყოლების სერვისის მიწოდებას წლიურ კვოტად განესაზღვრა 200 უცხოელის დასაქმება.

იმ თვითდასაქმებულ უცხოელების მიმართ, რომლებიც 2026 წლის 1 მარტის მდგომარეობით უკვე ახორციელებენ საქართველოში შრომით/სამეწარმეო საქმიანობას, არიან მოქმედი საწარმოების პარტნიორები ან სხვაგვარად არიან ჩართულნი სამეწარმეო/შრომითი საქმიანობის პროცესში, რომლიდანაც იღებენ ფინანსურ სარგებელს, კანონმდებლობით განსაზღვრული აღსრულების მექანიზმი ამუშავდება 2026 წლის 1 მაისიდან.

batumelebi.netgazeti.ge