ირანის მიერ არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულებით ბოლო 2 დღეში განხორციელებული შეტევების, კერძოდ, 137 ბალისტიკური რაკეტისა და 209 დრონის გაშვების ფონზე, ქვეყნის საერთაშორისო თანამშრომლობის სახელმწიფო მინისტრმა, რიმ ალ-ჰაშმის განაცხადა, რომ თუ თეირანი მათ წინააღმდეგ იერიშებს არ შეწყვეტს, ოფიციალური აბუდაბი აქტიურ საბრძოლო მოქმედებებზე გადავა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანას შესწევს ძალა, დაიცვას საკუთარი ტერიტორია ირანიდან მომავალი საფრთხისაგან. ამის დასტურად, მან მოიყვანა ფაქტი, რომ მათი მიმართულებით გასროლილი თითქმის ყველა ბალისტიკური რაკეტა ჩაიჭრა, ქალაქებში შეღწევა კი მხოლოდ 14-მა დრონმა შეძლო.
სავარაუდოა, რომ აბუდაბის პასუხი თეირანის შემდგომ ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული. რიმ ალ-ჰაშმი მიიჩნევს, რომ “ბურთი ირანის მოედანზეა” და მათი გადასაწყვეტია, გადადგამენ თუ არა დეესკალაციისთვის საჭირო ნაბიჯებს. მნიშვნელოვანი ითქვას, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ საჰაერო თავდაცვის ინფრასტრუქტურას ფლობს, რომელიც ძირითადად ამერიკული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით, Patriot-ებითა და THAAD-ებით არის აღჭურვილი.
განმარტებისთვის, ირანმა არაბთა გაერთიანებული საამიროები მიზანში მას შემდეგ ამოიღო, რაც აშშ-მა და ისრაელმა მის წინააღმდეგ იერიშები მიიტანეს. ოფიციალური თეირანი ჯერ კიდევ კონფლიქტის გამწვავებამდე აცხადებდა, რომ თუ დარტყმები დაიწყებოდა, ისინი ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებად სპარსეთის ყურის ქვეყნებში მდებარე ყველა ამერიკულ ბაზას გამოაცხადებდნენ. ერთ-ერთი ასეთი ობიექტი სწორედ საამიროებში, დედაქალაქ აბუდაბის სიახლოვეს მდებარეობს. საუბარია ალ-უდეიდას სახმელეთო ბაზაზე, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდია. ხელისუფლებისთვის სამხედრო ობიექტზე დარტყმები მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა გუშინ სხვადასხვა ტიპის უპილოტო, ასაფეთქებელი საფრენი საშუალებები ჯერ ტურისტულად აქტიურ ქალაქ დუბაიში, შემდგომ კი ქვეყნის მთავარ აეროპორტში ჩამოვარდა. სავარაუდოა, რომ სწორედ ამ ფაქტებს უკავშირდება საამიროების მუქარა.