სამშაბათს, 25 მარტს, ბელგიურმა გამოცემებმა, „De Standaard“-მა და „Het Nieuwsblad“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმად, ქვეყნის ციხეებში პატიმართა რეკორდული რაოდენობა - 13 013 ადამიანი იხდის სასჯელს, რომელთაგან 267 იატაკზე იძინებს.
„ორშაბათს ჩვენ გადავლახეთ სამწუხარო ისტორიული ზღვარი, რომელიც დღემდე 13 000 პატიმარს უტოლდებოდა. განსაკუთრებული ზომებისა და დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ციხის ბინადართა რაოდენობა განუწყვეტლივ იზრდება. სიტუაცია, პერსონალის ნაკლებობის, უსაფრთხოების პრობლემების თუ გადატვირთულობის თვალსაზრისით, ასეთი კატასტროფული არასდროს ყოფილა“, - აცხადებს სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის პრეს-სპიკერი, კეტლინ ვან დე ვიივერი. სასჯელაღსრულების ადმინისტრაცია საუბრობს „გადატვირთულობის კრიზისზე, რომელმაც ყველაზე დაბალ ჰუმანიტარულ ნიშნულს მიაღწია“.
აღსანიშნავია ისიც, რომ 3 400 პატიმარი, რომლებსაც მოკლევადიანი სასჯელი აქვთ შეფარდებული, ადგილების ნაკლებობის გამო, მოლოდინის რეჟიმში იმყოფება, 713-მა მსჯავრდებულმა კი, ადგილის გამოთავისუფლების მიზნით, ციხე ვადაზე ადრე დატოვა, რაც საპატიმრო შვებულების გახანგრძლივების სისტემის წყალობით გახდა შესაძლებელი.
დე ვევერის მთავრობისგან დახმარებას ითხოვენ
ციხის ადმინისტრაციის სამეთვალყურეო საბჭომ პრემიერ-მინისტრ ბარტ დე ვევერს წერილით მიმართა და სასწრაფო შეხვედრა მოითხოვა. ეს თხოვნა დღემდე უპასუხოდ რჩება.
ციხის ადმინისტრაცია ასევე ითხოვს ბიუჯეტის გაზრდას და „დროებითი საგანგებო ზომების შესახებ“ კანონის დამტკიცებას, რომელიც ელექტრონული სამაჯურით ზედამხედველობის უფრო ხშირად გამოყენებას ითვალისწინებს.
1tv.ge