ევროპელი ლიდერების უდიდესი შიში იმაში მდგომარეობს, რომ დონალდ ტრამპის ომი ირანში მას უკრაინის მიტოვებას აიძულებს. ევროკავშირში შიშობენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა შესაძლოა საპასუხო ზომებს მიმართოს ევროპელი მოკავშირეების წინააღმდეგ ახლო აღმოსავლეთში დახმარების თხოვნაზე უარის თქმის გამო, რაც, პირველ რიგში, კიევისთვის აშშ-ის დარჩენილი დახმარების შეწყვეტაში გამოიხატება. ამის შესახებ გამოცემა Politico საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ბოლო დღეებში ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა ევროპა ახლო აღმოსავლეთში დახმარებაზე უარის თქმის გამო და აშშ-ის NATO-ში შემდგომი მონაწილეობა პირდაპირ დაუკავშირა ამ კონფლიქტს. ასევე, მოსკოვმა ვაშინგტონს შესთავაზა გარიგება, რომლის მიხედვითაც კრემლი შეწყვეტს ირანისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას, თუ ვაშინგტონი შეწყვეტს უკრაინისთვის რუსეთის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა ეს წინააღმდეგობა უარყო, თავად ფაქტი მიუთითებს შესაძლო კომპრომისზე უკრაინის საქმეებსა და ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ჩართულობას შორის.

რაკეტები, როგორც კანფეტები

ხელისუფლებები შეშფოთებულნი არიან იმით, რომ ირანის ომი ხარჯავს რაკეტებსა და საზენიტო საბრძოლო მასალას, რომელიც კიევს რუსეთისგან დასაცავად სჭირდება, - განუცხადა Politico-ს ევროკავშირის ოთხმა დიპლომატმა.

„როდესაც ხედავთ, რა გაუკეთა ტრამპმა გრენლანდიას, როგორ შეწყვიტა მან ახირების გამო უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა, ყოველთვის არსებობს რისკი [რომ ტრამპმა შესაძლოა შეწყვიტოს აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინისადმი]“, - განაცხადა ერთ-ერთმა დიპლომატმა.

მეორე დიპლომატმა ასევე მიუთითა რისკზე, რომ ახლო აღმოსავლეთი ყურადღებას უკრაინისგან სხვა მხარეს გადაიტანს. „საამიროები Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს კანფეტებივით უშვებენ, მაშინ როცა უკრაინას ისინი სასწრაფოდ სჭირდება. არ შეიძლება დავუშვათ სიტუაცია „ან-ან“, როდესაც აშშ-ს რესურსები მხოლოდ ერთი კონფლიქტისთვის ჰყოფნის და ისინი უკრაინას ბედის ანაბარა ტოვებენ“, - დასძინა დიპლომატმა.

შედეგების აღმოფხვრა

ევროპელი ლიდერები, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერი კირ სტარმერი და NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, აძლიერებენ ძალისხმევას, რათა აჩვენონ მხარდაჭერა აშშ-ის პრეზიდენტის მიზნისადმი - ჰორმუზის სრუტის გათავისუფლების შესახებ.

Politico წერს, რუტე ღიად აქებდა ტრამპის ძალისხმევას და აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის სამხედრო პოტენციალის განადგურებას „ძალიან მნიშვნელოვანი“ უწოდა, რაც „ევროპულ უსაფრთხოებას“ დაუკავშირა. თავის მხრივ, მაკრონმა სატელეფონო საუბრებში დაარწმუნა ტრამპი, რომ საფრანგეთი დაეხმარება სრუტის გაწმენდაში, როდესაც პირობები ამის საშუალებას მისცემს.

ბრიტანეთის პრემიერი იყო მთავარი ორგანიზატორი განცხადებისა, რომელსაც ხელი მოაწერა ევროკავშირის შვიდმა ქვეყანამ და მოკავშირე სახელმწიფოებმა, სადაც მათ გამოხატეს „მზადყოფნა, წვლილი შეიტანონ შესაბამის ძალისხმევაში სრუტეში უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად“. კითხვაზე ამ განცხადების მიზნის შესახებ, ერთ-ერთმა დიპლომატმა უპასუხა: „ეს იმავე ძალისხმევის ნაწილია. ჩვენ უნდა ვუჩვენოთ ტრამპს, რომ აქტიურად ვმონაწილეობთ ახლო აღმოსავლეთის მოვლენებში. ეს ჩვენს ინტერესებშია, მაგრამ ასევე უკრაინის ინტერესებშიც“.

მისი თქმით, ტრამპთან მიმართებით „შთაბეჭდილებას აქვს მნიშვნელობა - ზოგჯერ იმაზე მეტიც, ვიდრე არსს“.

ევროპა და ომი უკრაინაში

მანამდე ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრე სტუბი აცხადებდა, რომ ევროპას შეუძლია დაეხმაროს ტრამპს ირანის საკითხში უკრაინის მხარდაჭერის სანაცვლოდ. ამასთანავე, მისი პროგნოზები უკრაინაში მშვიდობის შესახებ ბევრად უფრო პირქუში გახდა. მიუხედავად ბრძოლის ველზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი წარმატებებისა და რუსეთის კოლოსალური დანაკარგებისა, არსებობს სერიოზული შეშფოთების საფუძველი.

gbc.ge