ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, „ტასნიმის“ ცნობით, ირანს შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებები არ ჰქონია.
სააგენტო „ტასნიმი“ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანის ხელისუფლებამ „შუამავლებისგან შეტყობინებები“ მიიღო, მაგრამ ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები არ დაწყებულა.
სააგენტოს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ირანის მხრიდან სამხედრო მუქარა უფრო რეალური გახდა.
მათივე ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტს გლობალური ეკონომიკური კრიზისისაც შეეშინდა.
„არანაირი მოლაპარაკებები არ ჩატარებულა და არ მიმდინარეობს. ასეთი ფსიქოლოგიური ომის პირობებში არც ჰორმუზის სრუტე დაუბრუნდება ომამდელ მდგომარეობას და არც ენერგეტიკულ ბაზრებზე იქნება მშვიდობა. ტრამპის ხუთდღიანი ულტიმატუმი ნიშნავს დანაშაულებრივი პროგრამის გაგრძელებას ამ რეჟიმის ხალხის წინააღმდეგ და ჩვენც გავაგრძელებთ“, – ციტირებს „ტასნიმი“ მაღალჩინოსნის სიტყვებს.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ირანს შორის გაიმართა ძალიან კარგი და პროდუქტიული მოლაპარაკებები, რომლებიც მიმართულია ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტის სრული და საბოლოო მოგვარებისკენ. ამასთან, ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგოინფრასტრუქტურაზე იერიშებს ხუთი დღით აჩერებს.