აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების ფონზე, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის, დონალდ ტრამპის ქონების შეფასება მკვეთრად ეცემა. საკმაოდ მოკლე პერიოდში, ტრამპის ქონება დაახლოებით 4 მილიარდი დოლარით შემცირდა, რაც საფონდო ბირჟაზე მისი კომპანიის, Trump Media & Technology Group-ის აქციების ვარდნითაა განპირობებული.

მოგეხსენებათ, ზემოხსენებული ჰოლდინგი სოციალურ ქსელ Truth Social-ს ფლობს, რომელიც ტრამპმა თავად დააფუძნა და ის X/Twitter-ის პირდაპირი ანალოგია.

საქმე ისაა, რომ ბოლო 6 თვეში კომპანიის შეფასება თითქმის 60%-ითაა შემცირებული, ხოლო უმსხვილესი აქციონერი დონალდ ტრამპია, რაც იმას ნიშნავს, რომ Truth Social-ის აქციების ვარდნით ყველაზე დიდ ზიანს სწორედ ტრამპი იღებს.

თავად ვარდნის მიზეზებს რაც შეეხება, ის ბოლო პერიოდში გლობალური საფონდო ბირჟების დაღმასვლასთანაა დაკავშირებული, რა დროსაც თითქმის ყველა კომპანიის კაპიტალიზაცია შემცირდა.

გარდა ამისა, თავად ეს კომპანია, როგორც ცნობილია, ფინანსურად გაუმართავია და 2024 წლის პირველ კვარტალში მხოლოდ $770,500-ის შემოსავალი მიიღო და $327.6 მილიონის წაგება დააფიქსირა. კომპანიის არადამაკმაყოფილებელი ფინანსური შედეგები განპირობებულია, როგორც Truth Social-ის ფინანსური გაუმართაობით, ასევე თავად ამ აქციის ბუნებით. Truth Social-ს და შესაბამისად Trump Media & Technology Group-ს, რომლის სახელითაც ივაჭრება ეს კომპანია საფონდო ბირჟაზე ე.წ. “მიმი აქციის” სტატუსი აქვს, რადგან ნიშნავს, რომ მისი ვოლატილობა - ძალიან მაღალია, ფუნდამენტური რეპუტაცია კი, არც ისე. ასეთი ტიპის აქციებს კიდევ ერთი თავისებურება გამოარჩევს - ისინი განსაკუთრებით მოწყვლადნი არიან სოციალურ მედიაში გავრცელებული პოსტების მიმართ, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მიმართულებით.

რატომ შექმნა დონალდ ტრამპმა სოციალური ქსელი?

2021 წელს უნდა დავბრუნდეთ, როცა დონალდ ტრამპის მიერ სოციალური მედიის საშუალებით მხარდაჭერილი რადიკალი რესპუბლიკელების ნაწილი კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა. მას შემდეგ, Facebook-მა, Twitter-მა და YouTube-მა დონალდ ტრამპს ანგარიშები დაუბლოკეს, ანუ ადამიანი, რომელიც პრეზიდენტად, სწორედ სოციალური მედიის დამსახურებით აირჩიეს, ინფორმაციის გავრცელების მთავარი წყაროს გარეშე დარჩა. საპასუხოდ, დონალდ ტრამპმა საკუთარი სოციალური ქსელის შექმნა გადაწყვიტა, რომლის მიზანი "ტექნოლოგიური გიგანტების ტირანიის” დასრულება და სიმართლის დაუფარავად გაჟღერება უნდა ყოფილიყო. თუმცა მოხდა ისე, რომ სოციალურმა ქსელებმა ყოფილი პრეზიდენტის ანგარიშები აღადგინეს, ანუ ტრამპის პლატფორმამ, გარკვეულწილად, აზრი დაკარგა და მისი მხარდამჭერების ციფრული შეკრების ადგილად იქცა.

bm.ge