დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შემცირებას და სახელმწიფო დეპარტამენტის კონტროლის ქვეშ მოქცევას. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, „ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ“ (NSC) მიმდინარე კვირაში უმასპინძლა დისკუსიებს ამ თემაზე, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებები მიღებული არ არის.

„როიტერთან“ ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ თეთრი სახლი იკვლევს იურიდიულ უფლებამოსილებებს, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეიძლება, გამოიყენოს აღმასრულებელი ბრძანება USAID-ის დამოუკიდებლობის დასასრულებლად.

„როიტერი“ წერს, რომ გაურკვეველია, აქვს თუ არა ტრამპს ასეთი ბრძანების გაცემის და კონგრესის გვერდის ავლის უფლებამოსილება. გავრცელებული ინფორმაციით, ახლად შექმნილი მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ოფიციალური პირები, მილიარდერი და ტრამპის მრჩეველი ილონ მასკის ხელმძღვანელობით ასევე მონაწილეობდნენ საუბრებში და სტუმრობდნენ USAID-ის შტაბბინას ვაშინგტონის ცენტრში ამ კვირაში.

წყარო: 1 არხი