სირიის არმიის ხელმძღვანელობამ ოფიცრებს გამოუცხადა, რომ ბაშარ ასადის რეჟიმი დაემხო. ინფორმაციას Reuters-ი სირიელ ოფიცერზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ასადმა დამასკო დატოვა - მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია. აჯანყებულები აცხადებენ, რომ ისინი დედაქალაქში ჯარის წინააღმდეგობის გარეშე შევიდნენ.

Flightradar-ის მონაცემებით, სირიის საჰაერო ძალების თვითმფრინავმა დამასკოს აეროპორტი დაახლოებით იმ დროს დატოვა, როცა გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახებ რომ აჯანყებულებმა ქალაქი აიღეს.

თავდაპირველად თვითმფრინავი სირიის ერთ-ერთი რეგიონის მიმართულებით მიფრინავდა, თუმცა მოგვიანებით ისევ უკან გაბრუნდა. მალევე თვითმფრინავმა მკვეთრი დაშვება ტარტუსის რაიონში დაიწყო. ის 495 მეტრის სიმაღლეზე გაუჩინარდა. მედია არ გამორიცხავს, ​​რომ ილ-76T ჩამოვარდა. ამასთან, არ უნდა გამოირიცხოს შესაძლებლობა, რომ პილოტმა სენსორები საგანგებო დაშვებამდე გამორთო.

ამავდროულად, სირიის პრემიერმინისტრმა მოჰამედ ღაზი ალ-ჯალალიმ განაცხადა, რომ მზადაა მხარი დაუჭიროს ხელისუფლების უწყვეტობას და ნებისმიერ ხელმძღვანელობასთან ითანამშრომლოს, რომელსაც სირიელი ხალხი აირჩევს.

მანამდე, მეამბოხეების ლიდერმა გამოავლინა მათი რევოლუციის მიზანი. მისი თქმით, მიზანი სირიის ლიდერის ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობა და "ახალი სირიის აშენება" იყო.

წყარო: მთავარი არხი