ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რუსი კოლეგა ვლადიმირ პუტინი პირადად გააფრთხილა, რომ უკრაინაში ბირთვული იარაღი არ გამოიყენოს. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times ავრცელებს. 

გამოცემის თანახმად, მხარეებს შორის ამ საკითხზე საუბარი, მიმდინარე წლის მარტში, სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტის დროს შედგა. ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, გამოცემა იუწყება, რომ ჩინეთს უკრაინის მეშვეობით ევროკავშირთან ურთიერთობის გაუმჯობესება სურს. მარტში ევროპელმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელიმ განაცხადა, რომ სი ძინპინის ვიზიტი მოსკოვში  „ბირთვული ომის რისკს ამცირებს“. 

ამავე ინფორმაციით, პუტინი შეხვედრის შედეგებით უკმაყოფილო დარჩა, რადგან Power of Siberia-2 გაზსადენის მშენებლობაზე შეთანხმება ვერ შედგა. ასევე მხარეების საბოლოო ერთობლივ განცხადებას, პეკინის დაჟინებული მოთხოვნით, დაემატა პუნქტი, რომელიც ბირთვული იარაღის გამოყენებას გმობს.

„პუტინმა უკრაინაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა უარყო. შედეგების შესაძლო სცენარების შეფასების შემდეგ, მან გადაწყვიტა, რომ ეს რუსეთს უპირატესობას არ მიანიჭებდა. ბირთვული დარტყმა ოკუპირებულ ტერიტორიებს გამოუსადეგარს გახდის და რუსული ჯარის წინსვლას ვერ დაეხმარება“, - აცხადებენ FT-ის კრემლთან დაახლოებული წყაროები.

სამი დღის შემდეგ, რაც სი ძინპინმა მოსკოვი დატოვა, პუტინმა ბელარუსში რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ განაცხადა. მაშინ პენტაგონმა აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაზე ბირთვულ დარტყმას არ მოელის და აშშ-ს თავისი სტრატეგიის შეცვლის მიზეზი არ აქვს.

27 ივნისს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსული ბირთვული იარაღის დიდი ნაწილი ბელარუსის ტერიტორიაზე განლაგდა.