ვლადიმერ პუტინის განცხადების თანახმად, რუსეთმა ტაქტიკური ბირთვული იარაღის პირველი პარტია ბელარუსში განათავსა. - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა CNN ავრცელებს. მათივე ცნობით რუსეთის პრეზიდენტმა ფორუმზე განაცხადა, რომ რუსეთი იარაღს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ რუსეთის ტერიტორიას ან სახელმწიფოს საფრთხე დაემუქრება.
აშშ-ის მთავრობა ამბობს, რომ არ არსებობს რაიმე ნიშანი იმისა, რომ კრემლი ბირთვული იარაღის უკრაინაზე თავდასხმისთვის გამოყენებას გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ ბელარუსი რუსეთის მთავარი მოკავშირეა და გასული წლის თებერვალში პუტინის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პლაცდარმი იყო.
პუტინის თქმით, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გადაცემა ზაფხულის ბოლოს დასრულდება. სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს ნაბიჯი მათ წინააღმდეგაა, ვინც "ფიქრობს ჩვენს სტრატეგიულ დამარცხებაზე".
ცნობისთვის, ტაქტიკური ბირთვული იარაღი არის მცირე ბირთვული ქობინი, რომელიც განკუთვნილია ბრძოლის ველზე გამოსაყენებლად ან წერტილოვანი დარტყმისთვის. ისინი შექმნილია იმისათვის, რომ გაანადგურონ მტრის სამიზნეები კონკრეტულ ტერიტორიაზე ფართო რადიოაქტიური აფეთქების გარეშე.