7 აგვისტოს ქალაქ მექაშ საუდის არაბეთმა, პაკისტანმა და თურქეთმა ერთობლივ თავდაცვით შეთანხმებას მოაწერეს ხელი. Reuters წერს, რომ ამ შეთანხმებით თანამშრომლობა აშშ-ს სამ მოკავშირე სახელმწიფოს შორის კიდევ უფრო გამყარდა.

სააგენტო აღნიშნავს, რომ აღნიშნული სამი ქვეყანა შეშფოთებულია რეგიონში მიმდინარე ესკალაციით, რომლის ფარგლებშიც სპარსეთის ყურის ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებზე, მათ შორის საუდის არაბეთზე, ირანს საჰაერო იერიშები მიაქვს.

ქვეყნების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმება მიზნად ისახავს ნებისმიერი აგრესიის აქტის წინააღმდეგ კოლექტიური შეკავების გაძლიერებას და ითვალისწინებს, რომ სამივე ქვეყნიდან ერთ-ერთზე შეიარაღებული თავდასხმა ყველა მათგანზე თავდასხმად ჩაითვლება.

მიუხედავად იმისა, რომ განცხადებაში არ არის ჩამოთვლილი, რა კონკრეტული ვალდებულებები იკისრა თითოეულმა ქვეყანამ "მექის ერთობლივი თავდაცვის შეთანხმების" ფარგლებში, აღნიშნულია, რომ შეთანხმება ემსახურება მათი კოლექტიური უსაფრთხოების გაძლიერებას და რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობას.

"ხელშეკრულება შეიცავს კოლექტიური თავდაცვის მუხლს. იგი მთლიანად თავდაცვითი ხასიათისაა და მხოლოდ თავდაცვის მიზნით ურთიერთდახმარებას ითვალისწინებს" - განაცხადა თურქეთის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.

მისი თქმით, შეთანხმება არ არის მიმართული რომელიმე კონკრეტული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ღიაა რეგიონის სხვა ქვეყნებისთვისაც და არ აუქმებს ან არ ცვლის არცერთ მოქმედ ორმხრივ თუ მრავალმხრივ შეთანხმებას.

Reuters-ს წერს, რომ სამი ქვეყანა განსაკუთრებულად შეშფოთებულია როგორც ისრაელის, ისე ირანის სულ უფრო აგრესიული სამხედრო პოლიტიკით, მაშინ როდესაც მათი მრავალწლიანი მოკავშირე - აშშ - რეგიონში მზარდი არასტაბილურობის შეკავებას ცდილობს.

ცნობისთვის, გასული წლის სექტემბერში მსგავსი შეთანხმება საუდის არაბეთსა და პაკისტანს შორის ორმხრივი სახით გაფორმდა.