კომოს ტბის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ვარენაში ტურისტებს ქუჩაში მაისურის გარეშე ან საცურაო კოსტიუმში სიარულისთვის 200 ევრომდე ჯარიმა დაეკისრებათ. ქალაქის ხელისუფლებამ ახალი წესები ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ უცხოელებთან დაკავშირებით მრავალი საჩივრის შემდეგ მიიღო, რომლებიც იხდიან ტანსაცმელს ისეთ ადგილებში, სადაც ეს შეუფერებლად ითვლება.

შეზღუდვები ძალაში 27 ივნისს შევიდა. პლაჟების და სანაპირო ზოლის გარეთ, ვარენაში შიშველი ტორსით, საცურაო კოსტიუმით ან გამომწვევი ტანსაცმლით სიარული ახლა უკანონოა. ამ წესებს მუნიციპალური პოლიცია დაიცავს.

ვარენას მერმა მაურო მანცონიმ განაცხადა, რომ ქალაქი სიხარულით მასპინძლობს ყოველწლიურად ასობით ათას ვიზიტორს, თუმცა ადგილობრივი მცხოვრებლები ტურისტების შემოდინების გამო არ უნდა დაზარალდნენ.

ცვლილებები შეეხო საექსკურსიო ჯგუფებსაც. ახლა ჯგუფში შეიძლება მაქსიმუმ 25 ადამიანის  ყოფნა, გიდებს კი ეკრძალებათ დინამიკების და სხვა ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობების გამოყენება. ამ წესების დარღვევა იწვევს 100-დან 400 ევრომდე ჯარიმას და ზოგიერთ შემთხვევაში, ტურების დროებით აკრძალვას.

გარდა ამისა, ტურისტულ ჯგუფებს ეკრძალებათ გადასასვლელების გადაკეტვა ან ქუჩებზე, ხიდებსა და მოედნებზე შეკრება, რითაც ხელს უშლიან მცხოვრებლებისა და სხვა ვიზიტორების გადაადგილებას.

ვრცლად euro-pulse – ზე