თურქეთი შავიზღვისპირეთში მასშტაბური სარკინიგზო პროექტის განხორციელებას გეგმავს.

სამსუნიდან სარფამდე აშენდება მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო ხაზი, რომელიც მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

„სამსუნი-ტრაბზონი-სარფის მაღალსიჩქარიანი მატარებლის რკინიგზის პროექტი ტრაბზონსა და სამსუნს შორის მგზავრობის დროს 2 საათამდე შეამცირებს. ჩვენ დავაკავშირებთ ჩვენს ყველა ქალაქს სამსუნს; მათ შორის ორდუს, გირესუნს, ტრაბზონს, რიზეს და ართვინს,“ – თქვა თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულკადირ ურალოღლუმ ტრაბზონში სამი კვირის წინ გამართულ შეხვედრაზე.

მინისტრმა ვრცლად ისაუბრა დაგეგმილ პროექტზე. მისი თქმით, ახალი სარკინიგზო ხაზის საშუალებით ისტორიაში პირველად, შესაძლებელი გახდება შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქები ერთმანეთს რკინიგზით დაუკავშირდეს.

გეგმის თანახმად, მატარებლის ბოლო სადგური თურქეთის მხარეს, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან იქნება.

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, ახალი პროექტი შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქებს ერთმანეთს დააკავშირებს და ცენტრალურ ანატოლიასთან ინტეგრირებულ სატრანსპორტო ქსელს შექმნის.

  • რა ეტაპზეა ახლა პროექტი?

პროექტის პირველი ფაზა, მოიცავს ცენტრალურ ანატოლიაში სარკინიგზო ხაზის მშენებლობას.

მინისტრის ინფორმაციით, ამჟამად დაწყებულია ანკარა-ქირიქალე-ჩორუმი-სამსუნის მაღალსიჩქარიან სარკინიგზო ხაზის მშენებლობა.

კერძოდ, მიმდინარეობს სამუშაოები ქირიქალესა და ჩორუმს შორის 120 კილომეტრიანი ხაზის ასაშენებლად.

ოფიციალური ინფორმაციით, 2026 წელს დაგეგმილია ტენდერის ჩატარება ჩორუმი-სამსუნის მონაკვეთზე.

რაც შეეხება სამსუნი-ორდუ-გირესუნი-ტრაბზონი-რიზე-ართვინი-სარფის მონაკვეთს, ამ ეტაპზე ცნობილია, რომ სარკინიგზო ხაზის სიგრძე 513 კილომეტრია. ამ ხაზზე 14 სადგური იქნება. პროექტი საათში 250 კილომეტრის სიჩქარის მიღწევაზეა გათვლილი.

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ცნობით, „პროექტი წელიწადში 12 მილიონი მგზავრის და 14 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვას გულისხმობს. აშენდება მრავალი გვირაბი და ვიადუკი. აღნიშნული პროექტი 2026 წლის საინვესტიციო პროგრამაში წინასწარი კვლევისა და დიზაინის სამუშაოების დასაწყებად იყო შემოთავაზებული“.

ოფიციალური ცნობა, თუ როდის დაიწყება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები, ჯერჯერობით, გაცხადებული არაა.

batumelebi.netgazeti.ge