ციფრული ერა დიზაინისთვის სულ უფრო პრობლემური ხდება. ერთი შეხედვით, ინტერნეტი გვაძლევს წვდომას ყველაფერზე, რაც კი ოდესმე გადაუღიათ, შეუქმნიათ ან დაურენდერებიათ. ბრიფები და moodboard-ები ხშირად სავსეა შემთხვევით შენახული სურათებით, რომლებიც შთაგონების წყაროდ უფრო წამიერი ვიზუალური შთაბეჭდილების საფუძველზე გამოიყენება, ვიდრე კონკრეტული სივრცის, ისტორიის ან კონტექსტის გააზრებით. 

რეალურად, კრეატიული სააგენტოები ამბის გადმოცემის ბიზნესს აწარმოებენ და მათი ფორმა, თუ როგორ ჰყვებიან საკუთარ ამბავს, პირდაპირ ასახავს მათ საქმიანობასაც. სწორედ ამიტომ, ბევრი სტუდია დღესაც მიიჩნევს, რომ ბეჭდურ ფორმატში ისტორიის გამოქვეყნება სრულიად განსხვავებულ ღირებულებას ქმნის.

Instagram-ზე შესაძლებელია სააგენტოს ყველა პროექტი რამდენიმე წამში გადაათვალიერო. ონლაინჟურნალში გამოქვეყნებული ნიმუშებიც ხშირად სხვა საქმეებს შორის იკითხება, თუმცა ფიზიკური გამოცემა სრულიად სხვა გამოცდილებას ქმნის. ის მომხმარებელს აიძულებს გაჩერდეს, დრო დაუთმოს და უფრო ღრმად გაეცნოს, როგორ და რატომ მუშაობს კონკრეტული გუნდი. ეს უკვე ურთიერთობის სხვა ხარისხია, რომელიც დროებით შთაბეჭდილებებს სცდება და უფრო მყარ კავშირს აყალიბებს.

ბეჭდური ისტორია ციფრულ ეპოქაში

არქიტექტურულმა და ინტერიერის დიზაინის სტუდიამ Brinkworth-მა სწორედ ამ იდეის საფუძველზე შექმნა ყოველწლიური გამოცემა “Annual”, რომელიც თავდაპირველად შიდა დოკუმენტი იყო, დროთა განმავლობაში კი სტუდიის ერთ-ერთ მთავარ საკომუნიკაციო პლატფორმად გადაიქცა.

გამოცემის გვერდებზე თავს იყრის არა მხოლოდ პროექტები, არამედ კომპანიის კულტურა, ადამიანები და საზოგადოება, რომელიც მის გარშემო იქმნება. როგორც ავტორები აღნიშნავენ, ბეჭდური ფორმატი განსაკუთრებით შეესაბამება მათ საქმიანობას, რადგან არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი სწორედ ფიზიკურ მასალებთან, ტექსტურებთან და სივრცეებთან ურთიერთობას ეფუძნება. სტუდია ექსპერიმენტებს ატარებს სხვადასხვა ტიპის ქაღალდზე, ბეჭდვის ტექნიკებსა და მასალებზე, რათა მკითხველმა გამოცემა არა მხოლოდ წაიკითხოს, არამედ ფიზიკურადაც „იგრძნოს“.

მათივე აზრით, წიგნის გადაფურცვლა, მისი ყდის შეხება ან გვერდების შრიალი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი შეფერხებებია, რომლებიც ყურადღებას ამახვილებს და კითხვის პროცესს უფრო გააზრებულს ხდის.

ძველით ახალი ტენდენცია

ამის შესახებ სხვადასხვა ცნობილი გამოცემაც წერს, მათ შორის Financial Times-იც, რომელმაც აღწერა, როგორ უბრუნდებიან კომპანიები პირისპირ შეხვედრებს, სრულ დოკუმენტებს AI-ს მოკლე შეჯამებების ნაცვლად და ხელით ჩანაწერების გაკეთებას.

წამოვიდა ტენდენცია, რომლის მიხედვითაც, ადამიანებს ხელახლა სჭირდებათ გარკვეული ძალისხმევისა და მოთმინების განვითარება. ყველაფერი, რასაც ტექნოლოგიური კომპანიები პრობლემად მიიჩნევენ: მოწყენა, სოციალური უხერხულობა ან ხანგრძლივი ფიქრი, შესაძლოა, რეალურად ღირებული გამოცდილება იყოს.

და მაინც რატომ რჩება ბეჭდური გამოცემა განსაკუთრებულ საჩუქრად?

ამ კონტექსტში, ბეჭდური გამოცემა უკვე მხოლოდ ინფორმაციის გადაცემის საშუალება აღარ არის. ის პარტნიორებისთვის, თანამშრომლებისა და კლიენტებისთვის ერთგვარ საჩუქრად იქცევა.

ონლაინპოსტისგან განსხვავებით, რომელიც რამდენიმე წუთში ქრება საინფორმაციო ნაკადში, წიგნი ან ჟურნალი თაროებზე რჩება – სახლში, ოფისში თუ სტუდიაში. მას მოგვიანებითაც უბრუნდებიან, ხელახლა ათვალიერებენ და ახალ დეტალებს აღმოაჩენენ.

შეზღუდული ტირაჟიც დამატებით ღირებულებას ქმნის. როდესაც გამოცემა სრულად გაიყიდება ან გავრცელდება, ის აღარ მეორდება, რაც მას, გარკვეულწილად, საკოლექციო ნივთადაც აქცევს.

მეტი ბეჭდვა = მეტ ფიქრს

ციფრულ პლატფორმებზე ყოველთვის შესაძლებელია ახალი კონტენტის დამატება, მაშინ როდესაც წიგნის ან ჟურნალის გვერდების რაოდენობა შეზღუდულია. ეს კი გუნდებს აიძულებს, უფრო გააზრებულად შეარჩიონ ისტორიები, გამოკვეთონ მნიშვნელოვანი მიღწევები, წარმოაჩინონ პარტნიორები და ის თემებიც გააშუქონ, რომლებიც ერთი შეხედვით მათი საქმიანობის ფარგლებს სცდება.

საბოლოოდ, სწორედ ეს ქმნის კრეატიული სააგენტოების მთავარ ღირებულებას – უნარს, ჩვეულებრივ თემებში მოულოდნელი რამ დაინახონ, საინტერესო ისტორიები შექმნან და ამბავს საკუთარი, უნიკალური ფორმით მოჰყვნენ.

www.marketer.ge