40-ზე მეტ ქართული კომპანიისთვის, შესაძლოა, რუსეთის ბაზარი ახლო მომავალში ჩაიკეტოს - განცხადებას ამის შესახებ პრორუსული პარტია - “სოლიდარობა მშვიდობისთვის” საერთაშორისო მდივანი, ბიზნესმენი მამუკა ფიფია აკეთებს. ის “სოლოვიოვ ლაივის” ეთერში იყო მიწვეული.
რადიო თავისუფლებასთან განმარტა, რომ “ასაკრძალ” კომპანიებს ბრალი ედებათ რუსოფობიასა და ანტირუსული საქმიანობის სპონსორობაში.
ფიფია ლაპარაკობს ალკოჰოლური [ღვინო, კონიაკი], უალკოჰოლო და დაბალალკოჰოლური სასმელების [მინერალური წყლები, გაზიანი სასმელები, ლუდი] მწარმოებელ კომპანიებზე და კომპანიებზე, რომლებიც სასურსათო პროდუქციას [თხილეული, “მშრალი ნარევები”] აწარმოებენ.
რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე, ბიზნესმენი მამუკა ფიფია, უკვე დიდი ხანია, რუსეთთან სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვს. რუსეთსა და საქართველოს შორის ის “გეორგიევსკის ტრაქტატი 2”-ის ხელმოწერის მომხრეა. დასავლელ პარტნიორებს ფიფია მტრებს უწოდებს და თვლის, რომ საქართველომ “სამუდამოდ უნდა დაივიწყოს” ნატოც და ევროკავშირიც.
“დაელოდეთ ოფიციალურ განცხადებას”
“ხალხი მოითხოვდა ყურადღების მიქცევას კომპანიებზე და მათი რიცხვი 40-ზე მეტია სიაში… რომ ისინი რუსეთში მილიარდებს შოულობენ და შემდეგ ამ ფულით აფინანსებენ ანტირუსულ გამოსვლებს საქართველოში… გამოსვლებს ხელისუფლების წინააღმდეგ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ეკლესიის წინააღმდეგ. ეს ხალხი დაგვხვდა აეროპორტში, როდესაც ჩვენ ჩავფრინდით პირველი რეისით [მოსკოვიდან თბილისში]”, - კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემაში მამუკა ფიფიამ თქვა, რომ კომპანიების სია საქართველოს “მრავალრიცხოვანი მშრომელების” თხოვნის საფუძველზე შედგა.
ასევე ფიფიას თქმით:
- [ასაკრძალი კომპანიების] სიის შედგენის უკან დიდი, ხანგრძლივი შრომა დგას - “დაგვიანებით, მაგრამ ეს მოხდა”;
- დაზარალდება ბევრი , რადგან - “ამ კომპანიების უკან დგანან: სამუშაო ადგილები, გლეხები, მუშები, უბრალო ადამიანები; ბოლოს და ბოლოს ამ კომპანიების უკან დგას საქართველოს ბიუჯეტი”;
- რუსეთი არ დაუშვებს, რომ ეს ფული მასთან იშოვნონ და მერე მის წინააღმდეგ გამოიყენონ - "სულელები აღარ არსებობენ, მორჩა. სულელები წითელ წიგნში შეიყვანეს”.
ბიზნესმენი ყურადღებას ამახვილებს მოსკოვის პოზიციაზე სომხეთთან მისამართით, რომ - რუსული ფული არ მოხმარდება სომხეთის ევროკავშირისკენ სვლას.
თუმცა მას არ დაუსახელებია არც ის, თუ ვინ შეადგინა სია, ან რომელი კომპანიები არიან შეყვანილი.
2023 წლის მაისში, პირველ განახლებულ ავიარეისს, მოსკოვიდან თბილისში, სწორედ “სოლიდარობა მშვიდობისთვის” წარმომადგენლები ჩამოჰყვნენ, მათ შორის იყო - მამუკა ფიფიაც. პოლიტიკურმა ჯგუფმა პირდაპირი ავიაფრენების განახლებისთვის მადლობა უშუალოდ ვლადიმირ პუტინს გადაუხადა.
აეროპორტში, მოსკოვიდან პირველ რეისს პროდასავლელი აქტივისტები ხმაურიანი პროტესტით დახვდნენ. სხვადასხვა დროს, “სოლიდარობა მშვიდობისთვის” წარმომადგენლები პუტინის ხელისუფლებას სთხოვდნენ საქართველოს დაცვას, გადარჩენას, ჩარევასა და დახმარებას დასავლეთთან ბრძოლაში.
წყარო: www.radiotavisupleba.ge