საბერძნეთში ტყის ხანძრების ქრობის დროს თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორი პილოტი დაიღუპა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

საბერძნეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ დაიღუპა ქალაქ კარისტოსთან ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ორი პილოტი, რომელიც ხანძრის ლიკვიდაციაში იღებდა მონაწილეობას.

როგორც მედია წერს, თვითმფრინავს დაცემისთანავე ცეცხლი გაუჩნდა და მეხანძრეების მცდელობის მიუხედავად, 34 წლის კაპიტანი ქრისტოს მულასისა და მეორე 27 წლის ლეიტენანტი პერიკლე სტეფანიდესის გადარჩენა ვერ შეძლეს.

პილოტების დაღუპვასთან დაკავშირებით საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა, ნიკოს დენდიასმა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა, რომელიც 25-დან 27 ივლისამდე გაგრძელდება.

საბერძნეთი მეშვიდე დღეა, ტყის ხანძრებს ებრძვის, კუნძულ როდოსზე 20 000 ადამიანი ევაკუირებულია. ტყის ხანძრები ასევე მძვინვარებს კუნძულ კორფუზე და ათენთან მდებარე კუნძულ ევბეაზე.