საბერძნეთში ტრანსპორტის თანამშრომლების მასშტაბური გაფიცვის გამო სატრანსპორტო მოძრაობა პარალიზებულია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გაფიცვა 24-საათიანია და ის ორი წლის წინ ტემპაში მომხდარ სარკინიგზო კატასტროფას ეძღვნება.
დღის განმავლობაში შეჩერებული იქნება სარკინიგზო მოძრაობა. ათენში მეტრო და ტრამვაი მხოლოდ 09:00-დან 17:00 საათამდე იმუშავებს. გაფიცვას შეუერთდნენ ტაქსის მძღოლებიც, შესაბამისად, დღეს ათენში არც ტაქსითაა შესაძლებელი გადაადგილება.
2023 წლის თებერვალში, საქალაქთაშორისო სამგზავრო მატარებელი, რომელიც ათენიდან ჩრდილოეთ ქალაქ თესალონიკში ასრულებდა რეისს ქალაქ ლარისასთან სატვირთო მატარებელს შეეჯახა, შედეგად 57 ადამიანი დაიღუპა, ძირითადად სტუდენტები.
უბედურ შემთხვევას მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მოჰყვა, სადაც 65 000-ზე მეტი ადამიანი პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის გადადგომას ითხოვდა.