ევროპული პროექტი EYE-TEACH, რომელშიც რვა ქვეყანა მონაწილეობს, ხელოვნური ინტელექტის (AI) მოდელს ავითარებს – ის აფიქსირებს თვალის მოძრაობას როდესაც მოსწავლეები ეკრანზე ტექსტს კითხულობენ. ამის წყალობით, მასწავლებელი შეძლებს მაშინვე გაიგოს, თუ ზუსტად სად განიცდის მოსწავლე სირთულეებს და დაეხმაროს მას – ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.
ნიდერლანდების ღია უნივერსიტეტის მეცნიერების ხელმძღვანელობით მკვლევრები ამბობენ, რომ სულ უფრო მეტ ბავშვსა და მოზარდს უჭირს კითხვა. ერთი მოსწავლის ლექსიკა ძალიან შეზღუდულია, მეორეს კონტექსტი ცუდად ესმის — ბევრი კი უბრალოდ ვერ ბედავს მასწავლებლისთვის დახმარების თხოვნას. შედეგად, კითხვა სიამოვნების ნაცვლად, მტანჯველ ამოცანად იქცევა.
ახლა მასწავლებლების დასახმარებლად ხელოვნური ინტელექტი უნდა გამოვიდეს. EYE-TEACH ინსტრუმენტი იწერს მოსწავლეების თვალის მოძრაობებს, როდესაც ისინი კომპიუტერის ეკრანზე ტექსტებს კითხულობენ. შემდეგ ამ მონაცემებს ხელოვნური ინტელექტი აანალიზებს, რომელიც მათ მასწავლებლებისთვის გასაგებ დასკვნებად გარდაქმნის. თუ მოსწავლე წინადადებას არაერთხელ წაიკითხავს ან სიტყვაზე დიდხანს გაიჭედება, ინსტრუმენტი ამის შესახებ მასწავლებელს აცნობებს, რომელსაც შემდეგ მაშინვე შეუძლია დახმარების გაწევა.