რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობამ უპრეცედენტო დონეს მიაღწია და ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობის მოდელს წარმოადგენს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრის დროს განაცხადა.
„დღეს ჩვენმა ურთიერთობებმა უპრეცედენტო დონეს მიაღწია, რაც ნამდვილი ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული ურთიერთქმედების მოდელს წარმოადგენს“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, რუსეთი და ჩინეთი ორი ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს გააგრძელებენ.
„თქვენი ინიციატივით ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებისთვის ორმხრივი უვიზო რეჟიმის შემოღება ჰუმანიტარული კონტაქტების გაფართოების დამატებითი სტიმული გახდა. ჩვენ ამ პრაქტიკას აუცილებლად გავაგრძელებთ“, - განაცხადა პუტინმა.
ამასთან, სი ძინპინთან შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი ახლო აღმოსავლეთის კრიზისის ფონზე ენერგორესურსების საიმედო მიმწოდებლის როლს ინარჩუნებს.
„რუსეთ-ჩინეთის ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობა ეკონომიკური თანამშრომლობის მამოძრავებელი ძალაა. ახლო აღმოსავლეთის კრიზისის ფონზე, რუსეთი აგრძელებს რესურსების საიმედო მიმწოდებლის როლს, ხოლო ჩინეთი ამ რესურსების პასუხისმგებლიან მომხმარებლად რჩება“, - აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, რუსეთისა და ჩინეთის თანამშრომლობა საგარეო პოლიტიკის სფეროში საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთი მთავარი სტაბილიზაციის ფაქტორია.
„ჩვენი თანამშრომლობა საგარეო პოლიტიკურ საკითხებში საერთაშორისო ასპარეზზე ერთ-ერთი მთავარი სტაბილიზაციის ფაქტორია“, - განაცხადა პუტინმა.
ვლადიმერ პუტინს, სი ძინპინსა და მათ გუნდებს შორის მოკლე შეხვედრა დასრულდა. კრემლის მიერ გამოქვეყნებული დღის წესრიგის თანახმად, იგეგმება ორივე ქვეყნის დელეგაციების ფართო ფორმატის შეხვედრაც.
პუტინს პეკინში თან ახლავს პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე დენის მანტუროვი, ვიცე-პრემიერები ტატიანა გოლიკოვა და ალექსანდრე ნოვაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოქსანა ლუტი, რუსეთის ბანკის გუბერნატორი ელვირა ნაბიულინა, „როსკოსმოსის“ აღმასრულებელი დირექტორი დიმიტრი ბაკანოვი, „როსნეფტის“ აღმასრულებელი დირექტორი იგორ სეჩინი, „გაზპრომის“ აღმასრულებელი დირექტორი ალექსეი მილერი და მთავრობისა და ბიზნეს სექტორის სხვა წარმომადგენლები.
ipn.ge