„საჯარო სივრცეში კორპორაციული დავების განხილვისას, ხშირად ყურადღების მიღმა რჩება ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: მხარის მიერ საკუთარი სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოუყენებლობა ან განზრახ უარყოფა."ბრიტანულ-ქართული აკადემიის" გარშემო მიმდინარე დავის კონტექსტში, ეს გარემოება განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს", - ამბობს ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე.
საკითხი ეხება 2024 წელს, თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, "ბრიტანულ-ქართული აკადემიის" ყოფილი დირექტორის, ნათია ჯანაშიას მიერ, 70%-იანი წილის მფლობელი „საქართველოს განათლების ჯგუფის“ წინააღმდეგ დაწყებულ დავას. გიორგი ცუცქირიძე დავის ეკონომიკურ ასპექტებს განიხილავს და პერიოდულად აწვდის ანალიტიკურ მასალას მედიას.
ცუცქირიძის თქმით, "სამეწარმეო საზოგადოებების შესახებ "მოქმედი კანონი მინორიტარ მეწილეს კორპორაციული ინსტრუმენტების მნიშვნელოვანი არსენალით აღჭურვავს. ეს ინსტრუმენტები, სწორად გამოყენებისას,წარმოადგენს მინორიტარის ინტერესების დაცვის ეფექტიან გარანტიას.
„პირველი და ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტია - პრიორიტეტული შეძენის უფლება, რომელიც წილის განზავებისაგან იცავს მინორიტარს. კერძოდ, თუ მაჟორიტარი გადაწყვეტს ახალი წილების გამოშვებას ან მესამე პირისათვის წილის გასხვისებას, მინორიტარს უფლება აქვს პირველ რიგში, იმავე პირობებით, შეიძინოს ეს წილი. ეს მექანიზმი უზრუნველყოფს, რომ მინორიტარის პროპორციული წარმომადგენლობა კომპანიაში არ შემცირდეს.
მეორე ინსტრუმენტს წარმოადგენს - თანგაყიდვის უფლება. ეს მექანიზმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიტუაციებში, როდესაც მაჟორიტარი გადაწყვეტს მთლიანი ან მნიშვნელოვანი წილის მესამე პირისათვის გაყიდვას. ასეთ შემთხვევაში, მინორიტარს უფლება აქვს მოითხოვოს, რომ მისი წილიც იმავე ფასად და იმავე პირობებით გაიყიდოს. პრაქტიკულად, ეს ნიშნავს, რომ მინორიტარს არ შეუძლია „გაჭედოს" კომპანიაში ახალი,მისთვის მიუღებელი პარტნიორი.
მესამე ინსტრუმენტია - სამართლიანი გამოსყიდვის მექანიზმი. კორპორაციული კონფლიქტის შემთხვევაში,როდესაც პარტნიორებს შორის ურთიერთობა გამოუსწორებლად დაირღვა, მინორიტარს უფლება აქვს მოითხოვოს წილის სამართლიანი საბაზრო ღირებულებით გამოსყიდვა. ეს ღირებულება განისაზღვრება დამოუკიდებელი,ორივე მხარისათვის მისაღები აუდიტორის ან შემფასებლის მიერ.
ყოველივე ზემოაღწერილი გარემოებიდან გამომდინარე, მხოლოდ ერთის თქმა შეიძლება: ამ და კიდევ უფრო მეტი სხვა ინსტრუმენტის გამოუყენებლობა, ან ნათია ჯანაშიას მხარის კორპორაციულ უუნარობაზე მეტყველებს, ან უბრალოდ იმის თავხედური გამოხატულებაა, რომ პროცედურული და პროცესუალური ურთიერთობა მაჟორიტარ აქციონერთან მისი ინტერესის მიღმაა და ერთადერთი რაც მას აინტრესებს, რეპუტაციული ზიანის მიყენების გზით, ინვესტორის იძულებაა, რომ მან მისი პირობებით დაასრულოს მიმდინარე დავა. "საქართველოს კაპიტალის" შემთხვევაში, ეს არ და ვერ იმუშავებს და მინორიტარი ჯანაშია სამართლებრივად უმძიმეს მდგომარეობაში, ჩიხში აღმოჩნდება", - დასძენს ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე.