მიმდინარე წლის მარტიდან, რუსეთმა კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკას მილიონ ბარელზე (56 ათასი ტონა) მეტი ნავთობი მიაწოდა.
ამის შესახებ „ბიბისი“ ბრიტანული კვლევითი ცენტრის, „Open Source Center“-ის დასკვნებზე დაყრდნობით იუწყება.
მკვლევარების აზრით, მოსკოვი ამ ნავთობით ფხენიანს იარაღისა და ცოცხალი სამხედრო ძალის საფასურს უხდის, რომლებსაც მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში იყენებს.
ამ მოსაზრებას ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლამიც იზიარებს.
სატელიტური სურათების გაანალიზების შემდეგ, ბრიტანული კვლევითი ცენტრი აცხადებს, რომ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის 12-ზე მეტმა ტანკერმა, ბოლო 8 თვის განმავლობაში, შორეულ აღმოსავლეთში არსებულ რუსეთის ნავთობის ტერმინალსა და ჩრდილოეთ კორეის პორტებს შორის 43 რეისი შეასრულა.
ზღვაში გადაღებული ტანკერების ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, ირკვევა, რომ რუსეთში ისინი ცარიელები წავიდნენ და უკან დატვირთულები დაბრუნდნენ.
ბრიტანული კვლევითი ცენტრის მიერ დოკუმენტირებული პირველი რეისი მიმდინარე წლის 7 მარტს შედგა, ანუ 7 თვის შემდეგ, როდესაც ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის საბრძოლო მასალების მიწოდების შესახებ ცნობები პირველად გავრცელდა, ბოლო რეისი კი 5 ნოემბერს დაფიქსირდა.
„Open Source Center“-ის უფროსი ანალიტიკოსის, ჯო ბირნის თქმით, ნავთობის მუდმივი მიწოდებთ ჩრდილოეთ კორეა ინარჩუნებს „სტაბილურობის ისეთ დონეს, რომლისთვისაც მას სანქციების დაწესების შემდეგ აღარ მიუღწევია“.
ჩრდილოეთ კორეა, გაერო-ს სანქციების ქვეშ, მისი ბირთვული პროგრამის გამო იმყოფება. მას წელიწადში 500 ათას ბარელზე მეტი ნავთობის შეძენა ეკრძალება.
უკრაინის ომში ჩრდილოკორეელი სამხედრობის მონაწილეობა
13 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი და კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა „აძლიერებენ ალიანსს, რაც არა მხოლოდ იარაღის მიწოდებაში, არამედ რუსეთის ჯარებისთვის „ადამიანების გადაცემაშიც“ გამოიხატება. 14 ოქტომბერს ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეა „ფაქტობრივად შეუერთდა“ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომს.
14 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას წარუდგინა კანონპროექტი „რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების შესახებ“. რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ ამ შეთანხმებას ხელი 2024 წლის 19 ივნისს მოაწერეს.
15 ოქტომბერს უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელს (Suspilne) სადაზვერვო წყაროებმა განუცხადეს, რომ რუსეთის მე-11 არმიის სპეციალიზებული საჰაერო სადესანტო ბრიგადის ბაზაზე ჩამოყალიბდა ეგრეთ წოდებული „ბურიატების სპეციალური ბატალიონი“, რომელიც კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეებით დაკომპლექტდა. ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ პერსონალის სავარაუდო რაოდენობა 3000 კაცამდეა. სადაზვერვო წყაროების განცხადებით, აღნიშნული ბატალიონი შეიძლება ჩაერთოს სამხედრო ოპერაციებში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, სუჯას დასახლებისა და ქალაქ კურსკის მიდამოებში.
იმავე წყაროების თანახმად, უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან 7 კილომეტრში მყოფმა 18-მა ჩრდილოკორეელმა ჯარისკაცმა პოზიციები დატოვა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა დაადასტურა, რომ დაახლოებით 11 000 ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი გადის წვრთნას, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ჩასატარებლად.
მანამდე, სადაზვერვო წყაროებმა უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადეს, რომ ათი ათასი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი შორეულ აღმოსავლეთში გადის წვრთნას, რუსეთის მხარეზე უკრაინის ომში მონაწილეობის მიზნით.
17 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ აღნიშნა, რომ რუსეთის მხარეზე ცალკეული ჩრდილოკორეელი დაქირავებულები კი არა, არამედ სრულფასოვანი სამხედრო ნაწილები იბრძვიან.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი