უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ არაერთი სანქცია დააწესა. ომის დაწყებიდან მესამე წლისთავისთვის სანქციების მე-16 პაკეტი შემუშავდა, რომელიც ალუმინის იმპორტის აკრძალვას, შავ სიაში შეყვანილი გემების რაოდენობის გაზრდასა და SWIFT-ის ელექტრონული სისტემიდან 13 რუსული ბანკის გათიშვას ითვალისწინებს. 

რას ითვალისწინებს მე-16 პაკეტი და როგორი იქნება რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ეკონომიკური შედეგები? საკითხზე ,,კომერსანტი“ ეკონომიკურ ანალიტიკოსს დავით შატაკიშვილს ესაუბრა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ტანკერები რუსეთისთვის შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა, რადგან მათი მეშვეობით ის ნავთობს ყიდის. საუბარია იმ გემებზე, რომლებიც სავარაუდოდ, რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ შემადგენლობაში შედიან. ამით სანქცირებული გემების რაოდენობა 153-მდე გაიზარდა. მათ ეკრძალებათ ევროკავშირის პორტებში შესვლა და ევროკავშირის სერვისებით სარგებლობა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ,,ჩრდილოვანი ფლოტის“ შემადგენლობაში მყოფი გემების დასანქცირებით რუსეთს ნავთობის რეალიზება გაურთულდება, თუმცა ქვეყანას დაახლოებით 1 000-მდე გემი ჰყავს და ამ დანიშნულებისთვის სხვა, არასანქცირებულ ტანკერებს გამოიყენებს. სანქცირებულ გემებს საჭირო ტექნიკური სერვისების მიღება შეეზღუდებათ, რადგან ომის დაწყებიდან რუსეთში გემების გასარემონტებლად საჭირო პროდუქცია დეფიციტშია. დავით შატაკიშვილი განმარტავს, რომ სანქციების დაწესების მიუხედავად რუსეთი ალტერნატიული ბაზრების მოძებნას და ნავთობის გაყიდვას მაინც შეძლებს, თუმცა ამისთვის მას დრო დასჭირდება.

,,ფლოტი ეს არის, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო რუსეთისთვის, რითაც ნავთობის რეალიზაციას ახდენს. რუსეთს შავი ფლოტის შემადგენლობაში ბევრი ტანკერი ჰყავს. დაასანქცირეს 73 ტანკერი, რომელსაც ბარელ ნავთობზე დაწესებული ზედა ზღვარზე, 60 დოლარზე მეტად გადააქვთ ნავთობი. ეს გაართულებს რუსეთისთვის საქმეს. გაზრდის ტრანსპორტირების მანძილსა და ხარჯებს. ეს ახალი სანქცირებული გემები უბრალოდ ვეღარ მიიღებენ შესაბამის სერვისს, რასაც ევროპის ქვეყნებში იღებდნენ. ვგულისხმობ ტექნიკურ მხარეს, რადგან რუსეთში არ შედის ევროპიდან, ამერიკიდან და აზიის ქვეყნებიდან ის ტექნოლოგიური კომპონენტები, რაც გემების ფუნქციონირებას სჭირდება. იყო შემთხვევები, როდესაც სერვისის მიუწოდებლობის გამო სანქცირებული გემები მწყობრიდან გამოვიდა. ეს რუსეთისთვის საქმეს გაართულებს, თუმცა ეკონომიკურად, რიცხვებში ამისი თქმა რთული იქნება. სამი წელია სანქციები წესდება და რუსეთსაც აქვს უკვე სტრატეგია, როგორ აუაროს გვერდი ამ სანქციებს. მათ შორის, ,,ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებიც სავარაუდოდ რეზერვშიც ეყოლება. როგორც ვიცი 1000-ზე მეტი გემი ჰყავს ამ ,,ჩრდილოვან ფლოტში“ და დასანქცირებულთა რაოდენობა 150-ზე მეტია. მაგის გარდა ჰყავს კიდევ გემები და დაამატებენ ,,ჩრდილოვან ფლოტში“ სხვა სატრანსპორტო გემებს. ამიტომ, ამ სანქციებმა გამოიწვიოს რადიკალური შედეგები, მე პირადად არ მგონია.’’- აცხადებს დავით შატაკიშვილი.

სანქციების პაკეტი ასევე ითვალისწინებს SWIFT-ის ელექტრონული სისტემიდან 13 რუსული ბანკის ჩახსნას. ეკონომიკური ანალიტიკოსი დავით შატაკიშვილის შეფასებით, ეს რუსეთს ფულადი ტრანზაქციების განხორციელებას გაურთულებს. თუმცა ანალიტიკოსი ამბობს, რომ განსაკუთრებულ შედეგებს არ უნდა ველოდოთ, რადგან რუსეთი პრობლემის გადაჭრის გზებს მოძებნის. მით უმეტეს, ქვეყანაში უკვე არიან კომპანიები, რომლებიც სანქციების გვერდის ავლას უზრუნველყოფენ და შესაბამის სერვისს უწევენ როგორც კერძო, ასევე იურიდიულ პირებს.

,,ბანკების SWIFT-დან გამოთიშვა გაართულებს ტრანზაქციებს. არსებობს რუსეთში ორგანიზაციები, რომელიც ეხმარებიან ფულის ტრანსფერში SWIFT-დან გამოთიშული ბანკების მომხმარებლებს, ფიზიკური პირები იქნებიან თუ იურიდიული. 13 ბანკის გამოთიშვა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. იმიტომ, რომ ეს რუსეთს გაურთულებს ტრანზაქციებს. სავარაუდოდ, რაღაც პერიოდი დასჭირდებათ, რომ შეეგუონ და გადაეწყონ ახალ მოდელზე, თუმცა აქაც განსაკუთრებულ შედეგებს არ ველოდები. ალბათ ერთ წლამდე პერიოდი, შეიძლება ამდენიც არ დასჭირდეს, რომ მონახონ ალტერნატიული გზები. უბრალოდ, ეს რუსულ კომპანიებს გაურთულებს საქმეს, რაც კარგია“, - აცხადებს დავით შატაკიშვილი.

ალუმინის იმპორტის აკრძალვა - კიდევ ერთი სანქციაა, რომელსაც მე-16 პაკეტი ითვალისწინებს. ევროკავშირი გეგმავს ერთ წელიწადში სრულად თქვას უარი რუსულ ალუმინზე. მანამდე კი კავშირის წევრები რუსეთისგან შესყიდვებს შეამცირებენ. 2022 წლამდე ევროკავშირის მიერ შეძენილი ალუმინის 20% რუსეთზე მოდიოდა. შემდეგ ეს მაჩვენებელი 10%-მდე შემცირდა. ახლა კი 7%-ს შეადგენს. დავით შატაკიშვილი აცხადებს, რომ იმ პერიოდიდან მოყოლებული რუსეთი ალუმინს სხვა ბაზრებზე ყიდის და ევროკავშირში გასაყიდი პროდუქტის ალტერნატიულ ბაზარზე რეალიზებას გააგრძელებს.

,,შარშან დაახლოებით 350 000 ტონა აქვს ევროკავშირს შეძენილი რუსეთისგან. რაც ევროკავშირის მიერ შეძენილი ალუმინის 6-7% იყო. 2023 წელს რუსეთისგან შეძენილი ჰქონდა ნახევარი მილიონი ტონა ალუმინი. რუსეთისთვის ეს არის საკუთარი ექსპორტის დაახლოებით 8-9%. გლობალურად რუსეთი ალუმინის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია მსოფლიოში. 2023 წლის მონაცემებით ქვეყანამ დაახლოებით 7 მილიარდი დოლარის ექსპორტი გააკეთა. აქედან ევროკავშირის წილი არის დაახლოებით 10%. ამიტომ, რომ ვთქვათ, რომ რუსეთისთვის ეს სასწაული დანაკარგი იქნება თუ ევროკავშირი ერთი წლის მერე აღარ იყიდის ალუმინს, არ მგონია ასე. ერთ წელში ალუმინის ექსპორტიდან ძალიან მცირე დანაკლისი ექნება რუსეთს, დაახლოებით 50-80 ათასი ტონით ნაკლები. ერთ წელში ევროკავშირმა უნდა ნახოს ალტერნატიული მიმწოდებლები, ვინც რუსეთს ჩაანაცვლებს. მეორე მხრივ, რუსეთმაც უნდა ნახოს ალტერნატიული ბაზრები. თუ ვამბობთ, რომ ევროკავშირი შეძლებს რუსეთი ჩაანაცვლოს, მეორე მხრივ დიდი ალბათობით რუსეთიც შეძლებს, რომ ევროკავშირის ბაზარზე გასაყიდი ალუმინი სადღაც სხვაგან გაყიდოს. ამიტომ არ მგონია ამით კოლოსალური საბიუჯეტო დანაკარგი მიიღოს რუსეთმა. შეიძლება რამდენიმე ასეული მილიონი დაკარგოს ამ წელს, მაგრამ ეს იქნება ბიუჯეტის ძალიან მცირე პროცენტი. რუსეთი სავარაუდოდ ნახავს ახალ ბაზარს, რადგან აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში წლიდან წლამდე მზარდია ალუმინის ექსპორტი.’’- აცხადებს დავით შატაკიშვილი.

ეკონომიკური ანალიტიკოსს ვკითხეთ, საბოლოო ჯამში რამდენად იმუშავებს სანქციების მე-16 პაკეტი და რა დანაკლისს მიიღებს რუსეთი. დავით შატაკიშვილი აცხადებს, რომ ახალი შეზღუდვები პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულებაა და ამ გზით ევროკავშირი უკრაინასა და მთელს მსოფლიოს აჩვენებს, რომ ერთგული რჩება იმ ღირებულებების, რაც ომის დაწყების დღიდან იყო დეკლარირებული. ეკონომიკური ანალიტიკოსი განმარტავს, რომ ევროკავშირს სანქციების დაწესებით რუსეთის დასუსტება სურს, რაც სანქციების გრძელვადიან გამოყენებას მოითხოვს.

,,სანქციების მე-16 პაკეტი ისევე იმუშავებს, როგორც სხვა პაკეტებმა იმუშავა. რუსეთს მიაყენებს უარყოფით გავლენას, საქმეს გაურთულებს და საბიუჯეტო შემოსავლებს შეუმცირებს. თუ სანქციების მუშაობას ვეძახით იმას, რომ რუსეთმა ამის გამო ომი დაასრულოს, ეს არ მოხდება ჩემი აზრით. სანქციები ფაქტია, რომ ვერ მუშაობს. უბრალოდ ეს ევროკავშირის მხრიდან ძალიან ძლიერი პოლიტიკური ნაბიჯია. მათ შორის ამერიკის ბოლოდროინდელი განცხადებებიდან გამომდინარე. პოლიტიკურად გამართლებული და სწორი ნაბიჯია, რომ ერთის მხრივ უკრაინას დაანახვონ, მეორე მხრივ დანარჩენ მსოფლიოს, რომ რა განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს დასავლეთის სხვა ქვეყნების მხრიდან, ევროკავშირი დაიცავს იმ პრინციპებს, რითაც დაიწყო 2022 წლის თებერვლიდან უკრაინის გვერდში დგომა. ევროკავშირი აგრძელებს ბაზრების რუსეთისგან დივერსიფიცირებას და ექსპორტზე დამოკიდებულების შემცირებას. გულწრფელად არ მგონია, რომ ევროკავშირი ამ სანქციებს უყურებდეს, როგორც ომის დასრულების გზას. მოკლევადიან პერიოდში რამე შედეგებზე საუბარი არასწორია. მაგრამ გრძელვადიან პერიოდში, ვგულისხმობ 4-7 წელს, თუ ეს სანქციები გაგრძელდა და რამე არ მოიხსნა რუსეთს საქმე გაურთულდება, რაც გავლენას მოახდენს მის საბიუჯეტო შემოსავლებზე. შედეგად რუსეთს მეტი დრო დასჭირდება ინფრასტრუქტურის აღსადგენად, სამხედრო ტექნიკის აღსადგენად, რაც ომის საწარმოებლად სჭირდება. ეს იყო თავიდანვე ევროკავშირის მიზანი.’’- აცხადებს დავით შატაკიშვილი.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლამდე ევროკავშირისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი იყო. ის ხუთეულში შედიოდა, როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის თვალსაზრისით. თუმცა ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება დაიწყო. დღეს ევროკავშირსა და რუსეთს შორის ვაჭრობა დაახლოებით 60-70%-ით არის შემცირებული.