ენერგეტიკული ექსპორტის ახალი მარშრუტების წყალობით, რუსეთი, დასავლეთის სანქციების ფონზე, ნავთობისა და დიზელის საწვავის ექსპორტს ზრდის.
ივნისში რუსეთიდან ექსპორტირებული ნედლი ნავთობის ოდენობამ დღიურად 3,49 მილიონ ბარელი შეადგინა. 2022 წლის თებერვალში კი, უკრაინაში ომის დაწყებამდე, ეს მაჩვენებელი 3,17 მილიონი ბარელი იყო.
Vortexa-ს მონაცემებით, რუსეთიდან ნედლი ნავთობის ექსპორტის ყველაზე დიდი მოცულობა 2019 წლის მაისში (4,022 მილიონი ბარელი დღეში), ყველაზე მცირე კი - 2020 წლის ივლისში (2,28 მილიონი ბარელი დღეში) დაფიქსირდა.
რუსეთის ნედლი ნავთობის ექსპორტის მოცულობა ომის შემდგომ პერიოდში მხოლოდ გასული წლის ივლისსა და დეკემბერში დაეცა, როცა ექსპორტირებული ნავთობის მოცულობა დღეში 3 მილიონ ბარელზე ქვემოთ იყო.
Vortexa-ს მთავარი ეკონომისტის დევიდ ვეჰის განცხადებით, ნედლი ნავთობის ექსპორტის ზრდა რუსეთიდან 2022 წლის ბოლოდან დაიწყო, როდესაც მოსკოვმა ნავთობი „დრუჟბას“ მილსადენის ნაცვლად საზღვაო ტრანსპორტით გადაიტანა.
ამავდროულად, რეკორდულად მაღალია დიზელის საწვავის ექსპორტი. 2023 წლის ივნისში რუსეთმა საზღვარგარეთ დღეში 1,27 მილიონ ბარელამდე დიზელის საწვავი გაყიდა, რაც ომამდელ პერიოდში დაფიქსირებულ მაჩვენებლებს მკვეთრად აღემატება.