გაეროს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინაში "სამართლიანი, მდგრადი და ყოვლისმომცველი მშვიდობის გადაუდებელი აუცილებლობა".
ანტონიო გუტერეშის განცხადებაში საუბარია, მშვიდობის გადაუდებელ აუცილებლობაზე, რომელმაც პატივი უნდა სცეს უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას.
„ორშაბათს სრულდება სამი წელი მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ დაიწყო უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა, რაც აშკარად არღვევს გაეროს წესდებას და საერთაშორისო სამართალს.
ამ ტრაგიკულ შემთხვევაზე, კიდევ ერთხელ ვადასტურებ სამართლიანი, მდგრადი და ყოვლისმომცველი მშვიდობის გადაუდებელ აუცილებლობას, რომელიც სრულად დაიცავს უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, გაეროს წესდების, საერთაშორისო სამართლისა და ასამბლეის რეზოლუციების შესაბამისად“, - აღნიშნულია განცხადებაში.
გაეროს გენდმივანი აცხადებს, რომ ომის პირველივე დღიდან გაერო სრულ სოლიდარობაშია უკრაინელი ხალხის მიმართ, უწევს სიცოცხლის გადარჩენისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას მილიონობით გაჭირვებულს.
„უკრაინაში ომი სერიოზულ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ევროპის მშვიდობასა და უსაფრთხოებას, არამედ გაეროს საფუძვლებსა და ძირითად პრინციპებს.
საკმარისია, საკმარისი. სამი წლის სიკვდილისა და ნგრევის შემდეგ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სასწრაფო დეესკალაციისკენ და საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ. მივესალმები ყველა ძალისხმევას სამართლიანი და ინკლუზიური მშვიდობის მისაღწევად. გაერო მზადაა მხარი დაუჭიროს ასეთ ძალისხმევებს“, - წერია განცხადებაში.