რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის (ATOR) მონაცემებით, გასულ წელს ევროპაში ჩვეულებრივზე 84%-ით ნაკლები რუსი მოგზაური იყო. ამ ზაფხულს ტურისტული სეზონი კიდევ უფრო უარეს შედეგებს აჩვენებს. ვინ შეცვალა რუსი ტურისტები ევროპაში?

მოგზაურობის საშუალება მხოლოდ ყველაზე მდიდარ რუსებს აქვთ, წერს უკრაინული გამოცემა Finance-ua. საშუალო კლასი საზღვარგარეთ პრაქტიკულად ვერ მიდის. ამის მიზეზი მოგზაურობის ფასები და რუსეთში არსებული ინფლაციაა. რუსებისთვის ევროპაში ყველაზე მოთხოვნადი ქვეყნების სამეულში შედის ლატვია, ფინეთი და ესპანეთი, სადაც რუსები სპარსეთის ყურის და ისევ ევროპის ქვეყნებიდან ჩასულმა ტურისტებმა ჩაანაცვლეს.

ლატვია

ეს ქვეყანა რუს მოგზაურებს დიდი ხანია იზიდავს. რუსებს „თავისუფალი სამყაროსადმი“ ინტერესი სსრკ-ს დროიდან ჰქონდათ. უკრაინასთან სოლიდარობის ნიშნად, 2022 წლის სექტემბერში ლატვიამ რუსებს თავიანთი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.

ლატვიის ტურიზმის სექტორი რუსების არყოფნის გამო ძალიან დაზარალდა. 2022 წლის თებერვლის შემდეგ, ტურისტული კომპანიების ჯგუფური ჯავშნების დაახლოებით 70% გაუქმდა. ამიტომ, სახელმწიფო ახალ ბაზრებს ეძებს და ცდილობს ტურისტები სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან მოიზიდოს.

ფინეთი

ყოველწლიურად მილიონზე მეტი „ერთდღიანი“ მოგზაური კვეთდა რუსეთიდან ფინეთის საზღვარს. სასაზღვრო ქალაქ ლაპენრანტაში რუსები ძირითადად საყიდლებზე დადიოდნენ და დღეში დაახლოებით 170 ევროს ხარჯავდნენ.

ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა: რუსები მასობრივად აღარ დადიან ფინეთში. ახლა ქალაქი ლაპენრანტა შიდა ტურიზმს ავითარებს და აქცენტს აკეთებს არა რუსებზე, არამედ ფინელებზე. ის ასევე მიესალმება სტუმრებს გერმანიიდან, იტალიიდან, ბელგიიდან და ნიდერლანდებიდან.

ესპანეთი

ესპანეთი ყოველთვის სასურველი ტურისტული ადგილი იყო რუსი დამსვენებლებისთვის. ეს ქვეყანა რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემის თვალსაზრისით კვლავ ლიდერად რჩება.

ვინაიდან ევროკავშირის ქვეყნებთან რუსეთის მიმართულებით პირდაპირი ფრენები აღარ არის, რუსები ევროპაში მანქანით, თურქეთის ან ფინეთის გავლით, ჩადიან. ადრე რუსი ტურისტები ესპანეთში დიდ თანხებს ხარჯავდნენ. ბოლო წლებში ესპანეთში დიდი ბრიტანეთიდან ჩამოსული ტურისტების სიმრავლეა.